“სუს-ს ხომ არ [ვეტყოდი], რომ მისგან ინფორმაცია მაქვს?”
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების შესახებ ინფორმაცია 2 წყაროსგან მიიღო. გვარამიას დღეს წყაროები არ დაუსახელებია.
“შეკითხვები ჰქონდათ სწყაროსთან დაკავშირებით. წყარო არის სუს-ის მაღალჩნოსანი. მეორე მაღალჩინოსანი არის „ქართული ოცნების“ წევრი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ინფორმაციას ფლობს. ეს ინფორმაცია მივაწოდე.” – განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება გაბუნიასთვის სახელმწიფო დაცვის შეთავაზებას, ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსებობს.
„ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა გაბუნია, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩემი პოზიცია მაქვს.” – განაცხადა გვარამიამ.
“მთავარი არხის” ხელმძღვანელი იმასაც განმარტავს, თუ თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ი საქმის კურსში ჩაეყენებინა.
გვარამიას თქმით, ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.
„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყანებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს? ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო და მართალი გითხრათ, ჩემ მიერ სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო მიღებული. სუს-ის წყაროებიდან ასეთ ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით ვიღებთ ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთო.” – თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვს საქართველოში თანამზრახველები ჰყავდეს.
“შესაძლებელია, რომ ბოკოვის თანამზრახველები საქართველოშიც არიან. თანამზრახველების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რაც მქონდა ინფორმაცია, გამოძიებას მივაწოდე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. თუმცა, არ ვიცი რამდენი ადამიანის მიერ ხდებოდა ეს. შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება ბოკოვს, გვარამიას თქმით, ის სავარაუდოდ, არ არის ქილერი. ის უბრალოდ, გაბუნიას უთვალთვალებდა.
„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი. ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, ეს ინფორმაცია მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ.”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა, იმის მიუხედავად, რომ გიორგი გაბუნია გამოკითხვაზეც დაიბარა და დაცვაც შესთავაზა, ამ დრომდე არ ასახელებს სახელსა და გვარს, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა.