მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სუსი აცხადებს რომ გენადი ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოჰყავს

ამ წუთებში, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს. – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. ამ წუთებში გენადი ბესტაევის გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს.
უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.

მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.” – ნათქვამია განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრებს, გენადი ბესტაევს, რომელიც ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა, ინსულტი განუვითარდა და მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის საავადმყოფოში წევს. ამის შესახებ მისმა დამ, ნაირა გუდაძემ განაცხადა.

ნაირა გუდაძე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და ძმის თბილისის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. „რაც ეს ამბავი მოხდა, მე არავინ დამკავშირებია ხელისუფლებიდან. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცხინვალის კლინიკაშია გადაყვანილი. ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები, მოითხოვოს მისი გადმოყვანა თბილისის კლინიკაში”, – აცხადებს ნაირა გუდაძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ცხოვრობს.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლთან დააკავეს და ბრალად ე.წ საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button