მნიშვნელოვანირეგიონი

სვანეთში ამინდის გაუარესებას ელოდებიან – მდ ნენსკრამ კიდევ ერთი სახლი დაანგრია

მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერში წაიღო კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრების, სოსო ჩხეტიანის სახლი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, 5 ივლისს მდინარემ სულ სამი საცხოვრებელი სახლი დაანგრია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით ჭუბერში გაიხსნა დროებითი, ალტერნატიული გზა, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები და საჭირო ტექნიკა იმოძრავებენ.

მერის ინფორმაციით, ელექტროენერიის მიწოდება აღდგენილია ჭუბერის თემის ცენტრამდე, დანარჩენი დასახლებების ენერგომომარაგების აღსადგენად კი აუცილებელია გზის გაწმენდის დასრულება და სოფლის მარჯვენა მხარეს გადასვლა.

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღეს, საღამოდან ნალექს ვარაუდობენ. როგორც სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება.

უხვი ნალექის შედეგად, 5 ივლისს ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ათობით სახლი, გზები და ხიდები წაიღო, რის გამოც გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button