მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდას უკვე მესამე საავადმყოფო შეუცვალეს-ამის შესახებ  მისმა ადვოკატმა, ლალი ჩაველაშვილმა რადიო ჰერეთთან საუბრისას განაცხადა.

27 წლის აკაკი აბრამიშვილი ამჟამად ციხის საავადმყოფოში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ დასრულებულა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე გამოუცვალეს მესამე საავადმყოფო. ციხის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ მას ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება. ამჟამად არის ციხის საავადმყოფოში და საჭირო პრეპარატებს, მედიკოსების დანიშნულებით იღებს. ამ ეტაპზე არ მოგვსვლია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის თაობაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ვერ გეტყვით, ბოლომდე ასე გაგრძელდება, თუ არა”- განაცხადა ჩაველაშვილმა.

დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომას, ბრალდებული დისტანციურად ესწრებოდა. მან საქმის მსაჯულებისთვის განსახილველად გადაცემაზე, უარი განაცხადა.
საქმის არსებითი განხილვა 1 მაისს დაიწყება.

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავში 7 მარტს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, 27 წლის ახალგაზრდამ, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე:

მსგავსი პოსტები

Back to top button