მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტში ხვალ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განხილება

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვას პარლამენტი ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან, აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა დღეს, 17 ოქტომბერს.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა ოთხშაბათს და ხუთშაბათს იგეგმებოდა, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატის დამაზუსტებელი შეკითხვების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა დაადასტურა, რომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტი დაიწყებს ხვალ, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

„ხვალ დილით, 12 საათზე დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა. გიდასტურებთ, რომ ხვალ 12 საათზე გთხოვთ მობრძანდეთ და დავიწყებთ ამ პროცედურას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობის სურვილი დადასტურებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას ამის შესაძლებლობა ექნება.

“საქართველოს პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა ამ განხილვაში როგორც თანამომხსენებელმა მიიღოს მონაწილეობა და გამოვიდეს თანამომხსენებლის რანგში“, – თქვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსი – მომხსენებელი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ავტორებიდან ერთ-ერთი, გამოვა და წარმოადგენს პოზიციას. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს განხილვაში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი. იგი გამოვა როგორც თანამომხსენებელი. სხდომაზე კითხვებისა და დაზუსტებების შესაძლებლობა იქნება როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან. პაპუაშვილის თქმით, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, არ იქნება კომიტეტის გამოსვლები. “გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლებზე და ამის შემდეგ დასკვნით სიტყვის უფლება ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა, საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ იქნება კენჭისყრა. იცით, რომ 100 ხმა იქნება საჭირო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილების პროექტი წარადგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“- აღნიშნულია დადგენილების პროექტში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

ცნობილია რომ „საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის რვა წევრმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი ამოიწურა მას შემდეგ, რაც გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება – პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button