“ურანის” უკანონო გასაღების ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

კონტრდაზვერვის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ქობულეთში, ბირთვული მასალის რადიაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ინფორმაციით, მათი აყვანა იმ დროს მოხდა, როდესაც ბირთვული მასალა გასაღების მიზნით, მათ ქობულეთში, ერთ-ერთ ბინაში მიიტანეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ დოლარად გეგმავდნენ.

როგორც დღეს ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული რადიაქტიური ნივთიერება ურანი საერთო წონით 1.665 კგ შეიცავს ორ რადიაქტიურ იზოტოპს – ურან 38-ს და მცირე ოდენობით 0.38 პროცენტ ურან 35-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას.

რადიაქტიური გამოსხივების დონის სიმძლავრისა და თვითწყაროს რაოდენობის გათვალისწინებით, საგნებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისაც და ჯანმრთელობისთვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button