მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლს შეხვდა

თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.

„ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად აუცილებელი რეფორმების ჩატარებისადმი ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის მიმართ. მათ ასევე განიხილეს საერთო შეშფოთება საგარეო დაფინანსების მიღებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციისა და სტიგმატიზაციის შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რამაც, შესაძლოა, შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა, რომელიც მიმართულია მათი თემების გაუმჯობესებისკენ. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, გაიწვიონ ორი კანონპროექტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა და სალომე ზურაბიშვილმა ასევე განიხილეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ რუსეთმა იგრძნოს სრული ეკონომიკური ფასი იმ სანქციების, საექსპორტო კონტროლის და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების, რომლებიც აშშ-მა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის კოალიციამ დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, რათა პასუხი აგებინოს პუტინს უკრაინაში წარმოებული ომისთვის. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს, რომ არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა.

ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, სადაც მადლობას უხდის აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გუშინ, 10 მარტს შეხვდა.

ვაშინგტონში ჩასვლამდე სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შაინმაიერმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

“გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს,” – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button