როგორ მიმდინარეობს Pfizer-ით ვაქცინაცია საქართველოში

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია განახლდა. შემოსული 28 000 დოზიდან 14 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას. ვაქცინაციაზე რეგისტრაციის დროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობდა, რის გამოც ბევრმა მოქალაქემ რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე ამბობს, ვაქცინაციის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.
„პროცესი დილის 9 საათზე დაიწყო და მშვიდად მიმდინარეობს. ძალიან მაღალი აქტივობა და მონდომება ჩანს მოქალაქეების მხრიდან, განსაკუთრებულად Pfizer-ის ვაქცინაზე,”- განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.
მოქალაქეების თქმით Pfizer-ის ვაქცინა მათში უფრო მეტ ნდობას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული პრეპარატით იმუნიზაცია მოქალაქეებს, პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ, პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებისა და ბრიგადების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ქვეყანაში ამ დროისთვის 28 000 დოზა Pfizer-ია შემოსული და ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად დამატებითი დოზები შემოვა.