27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
პირველი მათგანი იქნება გიორგი სარდალაშვილი, 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში. ასპარეზობა ძიუდოში თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.
27 ივლისს იასპარეზებს მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც. გულშემატკივარი დიდ იმედს ამყარებს ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო პრიზიორ 30 წლის მოფარიკავეზე. მისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები მესამე ოლიმპიადა იქნება. 30 წლის ხმლით მოფარიკავე ქართველი ოქროს მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია.
მოფარიკავეთა შეჯიბრი „გრან პალეში“ გაიმართება. ტურნირი საკვალიფიკაციო და 1/16-ფინალური შეხვედრებით 12:30 საათიდან დაიწყება. სანდრო კი ცოტა მოგვიანებით, 1/8-ფინალიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. ბაზაძე პირველ ორთაბრძოლას დაახლოებით 17:25 საათზე გამართავს.
მეოთხედფინალში გასასვლელად ბაზაძე ან ირანელ მოჰამად ფოტოუჰის, ან მექსიკელ ხიბრან სეას შეხვდება. წარმატების შემთხვევაში სანდრო 1/4-ფინალში უფრო გამოცდილ ეგვიპტელებს, მე-15 ნომრით განთესილ ადჰამ მოატაზის ან მე-18 ნომერ მოჰამედ ამერის დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის, რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადების ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის სანდრო, შესაძლოა, ფინალში გასასვლელად შეხვდეს.
დღესვე ჩაერთვება ასპარეზობაში 55 წლის ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. მისთის „პარიზი 2024“ მეათე ოლიმპიური თამაშები იქნება. ეს ქალთა შორის მსოფლიო რეკორდია და, ამასთანავე, გაიმეორებს ლეგენდარული კანადელი ცხენოსნის იან მილარის რეკორდს.
ნინო სალუქვაძე 27 ივლისს 10-მეტრიანი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა.
27 ივლისს შედგება 15 წლის მოცურავის, ანა ნიჟარაძის დებიუტი ოლიმპიადაზე. ის ქართული ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე პატარა წევრია.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე „ლა დეფენს არენა“ ქალთა 100 მ. ბატერფლაის დისციპლინას უმასპინძლებს, სადაც ქართველი ანა ნიჟარაძე ასპარეზობს.
16 სპორტსმენი, ვინც საუკეთესო დროს აჩვენებს, ნახევარფინალში გადავა, რომელიც დღესვე, 22:30 საათიდან გაიმართება.
ანა ნიჟარაძე პარიზის ოლიმპიადაზე ე.წ. „ვაილდ ქარდით“ მოხვდა.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 28 სპორტსმენისგან შედგება, მათგან 7 ქალია.
ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.
…………….””’