მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი კიევში ჩავიდა

ამერიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა
“მე ახლახანს ჩამოვედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად”, – წერს ოსტინი Twitter-ზე.

პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინი დაადასტურებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამს, რომ აშშ მზად არის განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

პირადად ლოიდ ოსტინმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კიევში იმყოფება მნიშვნელოვანი გზავნილით, რომ აშშ გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას ახლაც და მომავალშიც.
მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ახლა საბოლოოდ შეწყვეტს უკრაინის იარაღით მხარდაჭერას, რუსეთი ომს მოიგებს.
მედიის ინფორმაციით, შტატები შეეცდება, უკრაინას, ზამთრის პერიოდში, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის გაგრძელებაში საჭირო რესურსით დაეხმაროს.

“ჩამოვედი კიევში, რათა უკრაინის ლიდერებს შევხვდე. დღეს აქ ვარ, რომ გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილი – შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთის აგრესიისგან გათავისუფლებისთვის, როგორც ახლა, ისე – მომავალში“, – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
კიევში ჩასვლის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

როგორც ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, ეს შეხვედრა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა აშშ-მა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტუროს.

“მქონდა პატივი დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ბრძოლის ველზე არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებში”- ამბობს ლოიდი.

ზელენსკიმ ოსტინის ვიზიტს უწოდა “ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის”.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ თითქმის მთლიანად ამოწურა უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი თანხა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოიყო. თეთრ სახლს ჯერჯერობით არ აქვს კონგრესის თანხმობა დაფინანსების გასაგრძელებლად.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, 2 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.

საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის და უკრაინის დროშები ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან

31 ოქტომბერს, სენატის ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

აშშ ხელმძღვანელობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის მომდევნო სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button