რუსეთის ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია. ბელარუსს უკვე გადაეცა ბირთვული ქობინების პირველი პარტია, რომლის განთავსებაც ქვეყნის ტერიტორიაზე იგეგმება. ამის შესახებ მან სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
„როგორც იცით, ჩვენს სამოკავშირეო სახელმწიფოსთან, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით იმის შესახებ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილს ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიტანდით. ეს მოხდა. პირველი ბირთვული მუხტები გადატანილია ბელარუსის ტერიტორიაზე”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, „ზაფხულის ბოლომდე, წლის ბოლომდე“ ყველა რუსული ბირთვული მუხტი, რომელიც უნდა გადაადგილებულიყო, ბელარუსის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
„ამ სამუშაოს სრულიად და მთლიანად შევასრულებთ. როგორც შეკავების ელემენტს. რათა ყველას, ვინც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე ფიქრობს, ეს გარემოება არ ავიწყდებოდეს”, – განაცხადა პუტინმა.
“ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. ამოცანას წლის ბოლომდე მთლიანად დავასრულებთ”, – განაცხადა პუტინმა 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს. მანამდე ბირთვული იარაღის მიღების შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ პუტინმა 2023 წლის მარტში გამოაცხადა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ თავისი ქმედებებით რუსეთი არ დაარღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ანუ რუსეთი კი არ გადასცემს ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის მართვის უფლებას.
მაისის ბოლოს მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.
პრეზიდენტმა პუტინმა 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის თხოვნით, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, საცავის მშენებლობა კი, 1 ივლისს დასრულდება.