მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიეტუვის და პოლიონეთის პრეზიდენტები უკრაინაში იმყოფებიან

უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს

დღეს კიევში ჩავიდა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავის აღნიშვნაში.

ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაუსედა ზელენსკისთან განიხილავს ივლისში ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტის დღის წესრიგს, ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების საკითხს და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებას.

პრეზიდენტი ნაუსედა კიევში ჩავიდა ჰააგიდან, სადაც 27 ივნისს ნატოს წევრი 7 სახელმწიფოს ლიდერებმა იმსჯელეს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე. გიტანას ნაუსედამ კიევში გამგზავრების წინ ტვიტერზე დაწერა, რომ ლიეტუვამ უკრაინისთვის შეიძინა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ის ორი გამშვები დანადგარი. ლიეტუვის პრეზიდენტი კიევიდან გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც ხვალ, 29 ივნისს, იწყება ევროპული საბჭოს ორდღიანი სხდომა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, უკრაინის შემდგომ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე და ევროკავშირის ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, საგარეო ურთიერთობების და მიგრაციის საკითხებზე.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს.

ვიზიტის ფარგლებში დუდა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რა დროსაც განხილული იქნება უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნის საკითხები.

ასევე, პრეზიდენტები განიხილავენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებას და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეს. ამასთან, ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი იმსჯელებენ ვილნიუსში ნატო-ს სამიტისთვის მზადებაზე.

ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედას განცხადებით, ყველა ერი თავის კონსტიტუციას მელნით, ხოლო ზოგიერთი კი – სისხლით წერს.

ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

„2014 წლიდან უკრაინა თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, კულტურასა და ენას, დროშას და გერბს იცავს, და ასევე თავის გზას დასავლურ სამყაროში, კერძოდ, კი – ევროკავშირში და ნატოში “, – განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და მისი ქვეყანა ამას მხარს უჭერს.

„ნატოს ვილნიუსის სამიტზე დადასტურებული უნდა იქნეს, რომ ევროპაში უკრაინა ნატოს ტრანსატლანტიკური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია და მას ალიანსში წევრობის გზა გახსნილი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.

„ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ტიპის ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას. საზენიტო თავდაცვა არის მთავარი უკრაინის აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ნაუსედა.

ლიეტუვის პრეზიდენტი ელოდება, რომ ივლისში ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მიიღებენ უფრო კოლექტიურ გადაწყვეტილებებს უკრაინის მხარდასაჭერად. ლიეტუვის პრეზიდენტმა გუშინ, ჰააგაში ნატო-ს რამდენიმე ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოთხშაბათს კიევს ეწვევა.

„უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა საკითხი NASAMS-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. დღეს ლიეტუვასა და ნორვეგიულ კომპანია Kongsberg-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩვენ შევიძენთ ორ მოდერნიზებულ NASAMS-ის სარაკეტო-საზენიტო სისტემას და უახლოეს მომავალში გადავცემთ უკრაინას“, – განაცხადა ნაუსედამ.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინისთვის ისეთი უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა საჭირო, რომ მომავალში რუსეთის ფედერაციის პოტენციური თავდასხმა იყოს გამორიცხული.

„უკრაინის უსაფრთხოება – თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაა, ეს ჩვენი საერთო ინტერესია“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ასევე, ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა გახდება და დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს.

“დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა და უკრაინის დაახლოება ალიანსთან. მოდით, მივცეთ მას უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომ რუს აგრესორს თავშიც კი არ მოუვიდეს ამ ქვეყანაზე თავდასხმა “, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button