რუსეთი უკვე დამარცხდა თავის მიერ გაჩაღებულ ომში
პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთი უკვე დამარცხდა თავის მიერ გაჩაღებულ ომში.
“უკრაინელები წარმოუდგენელი გამბედაობით იცავენ თავს, რუსეთმა კი უკვე წააგო. პუტინის მიზანი, როგორც თავად თქვა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის განადგურება იყო. მან ამ მიზანს ვერ მიაღწია. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი იცოცხლებს”, – ამის შესახებ ბლინკენმა პარასკევს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანამდე ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინა მიიღებს დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის, კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას, რომლებსაც კიევი განსაკუთრებულად აქტიურად ითხოვს.
პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას(HIMARS), 105-მილიმეტრიან 36 ათას ვაზნას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღის 18 საბუქსირე ტაქტიკურ მანქანას, 1200 ნაღმმტყორცნს, 2000 ტყვიამფრქვევს, 18 კატერს და სხვა საშუალებებს. პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას გაუწია 6.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ცნობითვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და არა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 40-50 მილიონით გაზრდის
„რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური მიზეზების გამო კრემლის მხრიდან საკუთარი მარცვლეულის ექსპორტზე უარი თქმის გარდა, სხვა მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მუშაობენ ერთად რუსეთის ცინიკური და პოტენციურად დესტაბილიზაციის წარმომქმნელი „მარცვლეულის ომთან“ და შესაბამის პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად.
პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც კირბი განმარტავს, უკრაინა განსაზღვრავს, თუ რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ.
მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები „ფოკუსირებულია იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს გააგრძელოს საკუთარი თავისა და სუვერენიტეტის დაცვა“. მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ უკრაინაში ამერიკული „HIMARS” 23 ივნისს ჩავიდა. კირბის თქმით, ამ დახმარებას ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია და უკრაინას უპირატესობას ანიჭებს. კირბი პასუხობს გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, თითქოს კიევი შესაბამის და დროულ დახმარებას არ იღებს.
“ყველა ეს სისტემა ქმნის განსხვავებას. დღესაც კი ისინი ქმნიან განსხვავებას, ამას უკრაინელები დაადასტურებენ და ეს არ არის მხოლოდ დიდი სისტემები. ეს ასევე არის მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ისინი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყოველდღიურად იყენებენ რუსებთან ბრძოლაში. ასე რომ, ეს უკვე ახდენს გავლენას. ჩვენ აშკარად ვართ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი დონორი უკრაინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის მთელს მსოფლიოში…თითქმის 6 მილიარდი დოლარი [რუსეთის უკრაინაში] შეჭრის დაწყებიდან. ასე რომ, ეს არის ბევრი მასალა, რომელიც მიდის და პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს დახმარება მომავალში“, – აცხადებს კირბი.
ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, არ გამორიცხავს, შეერთებულმა შტატებმა, უკრაინისთვის „HIMARS” და „MLRS” [მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა] სისტემების მიწოდება განაგრძოს. 24 ივნისს, უკრაინამ უკვე მიიღო დამატებით “HIMARS” სისტემა.
კითხვაზე, რისთვის აწვდის ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღს – საკუთარი თავის დასაცავად თუ რუსული ძალების დასამარცხებლად, უკრაინის ტერიტორიებიდან უკუკდებისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის, კირბი პასუხობს – „ჩვენ დანამდვილებით ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, სუვერენიტეტი, ხალხი, ტერიტორიული მთლიანობა. ცხადია, ამ ბრძოლაში უკრაინელები არიან, თავად განსაზღვრავენ, რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ.
ეს მათი უფლებაა. მასალა, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებისგან, ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მათ. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტის რული პატივისცემა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. მაგრამ, როგორ განისაზღვრება ეს – ბატონმა პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება. მაგრამ, ბატონი ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება”,- აღნიშნავს კირბი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.