მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლი მასიურად ათავისუფლებს სამხედრო მეთაურებს, რომლებმაც უკრაინის აღება ვერ შეძლეს

ტრადიციულ ყოველდღიურ ანგარიშში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ გამონახა საშუალება ბრძოლის ველზე წარუმატებლობისთვის საზოგადოების მხრიდან კრიტიკის თავიდან ასაცილებლად.
“უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეცხრე თვეში, რუსეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას შორის თანამდებობიდან გათავისუფლება არის მაგალითი იმისა, რომ კრემლი ადანაშაულებს მეთაურებს ბრძოლის ველზე მიზნების შეუსრულებლობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 3 ნოემბერს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გენერალ-მაიორი ალექსანდრ ლინკოვი დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის ნაცვლად. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ოქტომბრის ბოლოს გაათავისუფლეს.

თუკი ეს დადასტურდება, ლაპინი შეავსებს 2022 წელს რუსეთის არმიის მაღალჩინოსანთა რიგებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ გაათავისუფლეს.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აქტიურად აკრიტიკებდნენ ლაპინს უკრაინაში ბრძოლის ველზე სამხედრო წარუმატებლობებისთვის. მაღალჩინოსანი სამხედროების გათავისუფლება იმის ნათელი მაგალითია, რომ ომში მარცხისთვის ბრალს სდებენ სამხედრო ხელმძღვანელობას. ნაწილობრივ ეს, როგორც ჩანს, არის მცდელობა, მოსახლეობის თვალში რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომებისთვის პასუხისმგებლობა სამხედროებს დააკისრონ, მიაჩნიათ ბრიტანელ ანალიტიკოსებს.

6 ნოემბრის ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, სამხედრო მეთაურების გათავისუფლება არის მცდელობა, რომ ეს ბრალი მოეხსნას რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას შიდა აუდიტორიის თვალში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button