საქართველო წელს ევროპაში აშშ-ს ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველო წელს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში მონაწილეობას არ მიიღებს. თავდაცვის სამინისტროში წვრთნებზე უარის თქმას ლოგისტიკური ხარჯებით ხსნიან.
Defender 23 შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, კერძოდ, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული წვრთნებია, რომელიც 2021 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები 22 აპრილიდან 23 ივნისამდე გრძელდება. პენტაგონის ინფორმაციით, სწავლებაში 9000 ამერიკელი და 17 000 საერთაშორისო სამხედრო მიიღებს მონაწილეობას 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. სწავლებების ნაწილი 10 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გაიმართება.
აღნიშნულ წვრთნებში გასულ წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო. აპრილის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ საქართველო წელსაც შეუერთდებოდა Defender 23-ს, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია შეიცვალა. თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ “სპეკულირებას პერსპექტივა არ აქვს”.
“ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალი ციფრებია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს. შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ეს და ამაში პრობლემას ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს”, – განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხარჯებით წვრთნებში არმონაწილეობა ვერ გამართლდება.
“პირველი იმიტომ, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანზე რაზე ხარჯავთ ფულს; და მეორე და მთავარი, მსგავს სწავლებებში მონაწილეობა ჩვენ, როგორც წესი, დიდი არაფერი გვიჯდებოდა იმიტომ რომ ტრადიციულად პარტნიორები უზრუნველყოფდნენ ხოლმე!” – აღნიშნავს თინა ხიდაშელი.
დეპუტატი თეონა აქუბარდია კი წვრთნებზე უარის თქმას, აშშ-ის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლეების სანქცირებას უკავშირებს. მისივე თქმით, წვრთნებზე უარი კრემლისთვის “პირდაპირ ძღვენია”.
“როდესაც რუსეთის შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიდევაც თავის უკმაყოფილებას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სამხედრო სწავლებაში პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. მინისტრმა იცრუა, როდესაც ეს ახსნა ლოგისტიკური ხარჯებით”, – აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყება “დამცველი 2023”-ში საქართველოს არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე განმარტავს, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.
თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“.
2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით. უფრო მეტიც, ნატოს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში, კერძოდ თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი.
რაც შეეხება უშუალოდ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
Defender 23 შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, კერძოდ, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული წვრთნებია, რომელიც 2021 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები 22 აპრილიდან 23 ივნისამდე გრძელდება. პენტაგონის ინფორმაციით, სწავლებაში 9000 ამერიკელი და 17 000 საერთაშორისო სამხედრო მიიღებს მონაწილეობას 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. სწავლებების ნაწილი 10 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გაიმართება.
აღნიშნულ წვრთნებში გასულ წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო. აპრილის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ საქართველო წელსაც შეუერთდებოდა Defender 23-ს, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია შეიცვალა. თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ “სპეკულირებას პერსპექტივა არ აქვს”.