ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი შეტევა ჰუსიტების რაკეტაზე

აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა რეგიონში მოცურავე სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გასაშვებად იყო მზად.
აშშ-ის თავდაცვით დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ეს ჰუთებისგან წითელი ზღვის მიდამოებში საერთაშორისო გადაზიდვებზე ერთ-ერთი ბოლო თავდასხმაა.
პასუხად ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის და მისი მოკავშირეები „იტოვებენ სათანადო პასუხის გაცემის უფლებას“.
მოგვიანებით, 27 იანვარს, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჰუთების რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა.
ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომი კი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა.
იანვარში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს იემენში ჰუთების ობიექტებს.
მაგრამ ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში, მათ შორის, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს – უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით.
შეერთებულმა შტატებმა 23 იანვარს სანქციები დაუწესეს ჰუთების, იგივე „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს.
ჰუთები აკონტროლებენ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.