გადადგეს მოღალატე ღარიბაშვილი!
პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ პარტია “დროამ” პარლამენტთან მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩანიშნა.
აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
იმავდრულად პარლამენტთან მოქალაქეები დღესაც შეიკრიბებიან უკრაინის მხარდასაჭერად. ამ აქციას ორგანიზებას “სირცხვილია” უწევს.
დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომა მისი წინა განცხადების გამართლებას მიუძღვნა, რაც ძირითადად წინა ხელისუფლების კრიტიკა იყო. ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს “ვაკეთებთ”:
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობა არ უნდა, ეძებს მიზეზს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თანამდებობიდან გადააყენონ, – ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია.
ხვიჩია იმასაც ამბობს, რომ პრემიერ- მინისტრის პოზიციის გათვალისწინებით, რუსეთ-უკრაინის ომში ის რუსეთს გულშემატკივრობს.
სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელია, მას ჰქვია პრემიერ-მინისტრი და აგრძელებს იმ სირცხვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო – ღარიბაშვილი ახერხებს და ისევ რუსულ ნარატივს აგრძელებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ღარიბაშვილმა 2008 წლის ომზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ რომ “მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს”.
ბეჟაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
ჩვენს ხელისუფლებას კარგად ესმის, რა გაზრახვა აქვს ოკუპანტს, რის გამოც ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პარტნიორებთან შეთანხებით. ვმოქმედებთ გონივრულად, რათა ეს ზრახვები არ განვახორციელებინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს იყენებს ხელისუფლების დისკრედიტაციისა და ხელისუფლებაში მოსვლის, დაბრუნების საშუალებად, რაც ყოვლად მიუღებელია.
“ქართული ოცნების” წევრი, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და უკრაინის მხარდასაჭერად გულწრფელი საზოგადოების აქციები ანტისახელისუფლებო პროცესებში გადაზარდოს.
საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ სამხედრო აგრესიას.
პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია აფასებს:
“ვუსმინე ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე..
რა კრემლის პროპაგანდისტული მედიის არხების დაბლოკვა… ღარიბაშვილია საქართველოში კრემლის მთავარი პროპაგანდისტი და პირველ რიგში მას უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი” წერს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.
ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დღეს იგივე რიტორიკით წარსდგა, რაც წინა კვირას ჰქონდა უკრაინასთან დაკავშირებით. თქვა, რომ კიევის “დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს, “სანქციებს აზრი არ აქვს” და 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.