მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საარჩევნო კანონმდებლობა მერობის კანდიდატებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას აძლევს

კახეთში მერობის კანდიდატებად და საკრებულოს წევრებად წარდგენილ მოქმედ მერებს, უფლებამოსილება ჯერ არ შეუჩერებიათ. ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერებს წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ისინი, თანამდებობაზე მაინც რჩებიან.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ პარტია “ქართულმა ოცნების” მიერ , თვითმმართველობის არჩევნებში დასახელებული მერობის კანდიდატები, საოლქო საარჩევნო კომისიებს, ჯერ არ დაურეგისტრირებია.
ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დარბაიძე ადასტურებს, რომ მერობის კანდიდატს ჯონდო მდივნიშვილს, რეგისტრაცია ჯერ გაუვლია.

“‘ოფიციალურად დასახელდა, მაგრამ ჯერ რეგისტრაცია არ გაუვლია. ვადა 2 სექტემბრამდეა, აქედან 7 დღის ვადაში, კი უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს და საკრებულოს აცნობოს”- განაცხადა დარბაიძემ.

გურჯაანის მუნიციპლიტეტის მოქმედი მერი, არჩილ ხანდამაშვილი, რომელიც მუნიციპლიტეტის საკრებულოში, მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ჯერჯერობით, უფლებამოსილების შეჩერებას არ აპირებს.

” ამ ეტაპზე, კანონი არ ითხოვს ჩემგან ამ ნაბიჯის გადადგმას, როგორც კი რეგისტრაციას გავივლით, ეს მაშინ მოხდება. მანამდე მოქმედი მერის სტატუსით ვმონაწილეობ შეხვედრებში”- განმარტა ხანდამაშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ კანონის ასეთი ჩანაწერი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას იძლევა.

” ჩვენ და ჩვენნაირი ორგანიზაციები, მუდმივად ვითხოვთ კანონის დახვეწას. ზოგჯერ ცვლილება, კარგია, ზოგჯერ ცუდი. მაგალითად, აგიტაციაში მონაწილე პოლიტიკური თანამდებობის პირების შეზღუდვას ვითხოვდით და პირიქით, მერი და გუბერნატორი დაამატეს. გამოდის, რომ საარჩევნო კამპანიას ატარებენ და ადმინისტრაციული რესურსით არიან ჩართულები. ესეც სამუშაოა და უნდა მოწესრიგდეს”- განაცხადა მგალობლიშვილმა.

დღეს მოქმედი კანონით, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და გურჯაანის მოქმედ მერებს, თანამდებობაზე ყოფნა, 9 სექტემბრამდე შეუძლიათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კი 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

მსგავსი პოსტები

Back to top button