,,ახალგაზრდა თაობა ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას,,- მათიკაშვილი

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს.
2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.
დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები – კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.
შეფასებები თემაზე მმართველ გუნდში კეთდება – უმრავლესობაში აცხადებენ, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ, აუცილებლად წარიმართება სამართლებრივი პროცედურები.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას.
“ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება. განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
“საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა” როგორც რეჟიმი, რომელიც მართავდა 2003-2012 წლებში საქართველოს სახელმწიფოს, ალბათ საკითხი არ არსებობს, სადაც დანაშაულები არ აქვთ ჩადებული, არა მარტო განზრახ შეცდომებზეა საუბარი. საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ იყო ბიზნესის რეკეტი, საპატიმროებში როგორ ხდებოდა სახელისუფლებო უწყებებიდან, მათ შორის ბიზნესის დახმარებით, იგივე “თი ბი სი ბანკის” და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რომელიც პირდაპირ დაასახელეს და მტკიცებულებებიც არის ამასთან დაკავშირებით ბიზნესის რეკეტში. ომის თაობაზე, სადაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ უგულებელყოფდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა საზოგადოების, მოსახლეობის უფლებებს.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება, ამ კომისიამ ეს პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ”, – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რაც უფრო აქტიურ ფაზაში გადადის საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი რეაქციები იზრდება.
“რაც უფრო აქტიურ ფაზაში გადადის პროცესი, მით უფრო იზრდება პოლიტიკური ოპონენტების, რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი რეაქციები იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, სისტემურად დასტურდება ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც მათ მთელი წლების განმავლობაში, რომელიც უკავშირდება “ნაცმოძრაობის” რეჟიმს და შემდგომაც, განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ. კონკრეტულად ის თემები, რომლებიც იყო მიმოხილული გასული კვირის მანძილზე, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ომის თემატიკას, მეორე მხრივ – ბიზნესისრეკეტს, რა თქმა უნდა, არახალია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი კიდევ ერთხელ გახდა ხელის გულზე გამოტანილი და გაჟღერებული. ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს განგრძობად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, განგრძობად დანაშაულებთან და ეს მოითხოვს უკვე იმას, რომ არ შემოიფარგლოს კომისიის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ 2003-2012 წლებით”, – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.
საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.
დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები – კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სურს იმ ადამიანების გასამართლება, რომლებმაც წარმატებული საქართველოს მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
“ეს არის, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, პირდაპირ გალაშქრება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მათ შორის, მათ სურთ გაასამართლონ ის ადამიანები, რომელთაც, 2003-2012 წლებში, მონაწილეობა მიიღეს წარმატებული საქართველოს მშენებლობაში. აყენებენ შეურაცხყოფას ყველა იმ ქართველს, რომელიც იცავდა პუტინის აგრესიისგან 2008 წელს საქართველოს”, – აცხადებს პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.