
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები კორონავირუსთან საბრძოლველად 500 მილიარდი ევროს პაკეტზე შეთანხმდნენ. გრძელვადიანი დისკუსიების შემდეგ, შეთანხმების შესახებ Eurogroup-ის თავმჯდრომარემ, მარიო ცენტენომ გამოაცხადა.
როგორც BBC წერს, ევროკავშირის ეკონომიკური პაკეტი იმაზე მცირეა, ვიდრე ეს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოითხოვა. ევროპის ბანკის განცხადებით, კრიზისთან გასამკლავებლად, წევრი ქვეყნები 1,5 ტრილიონ ევროზე უნდა შეთანხმდნენ.
ამასთან, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მარმა შეთანხმების პაკეტს “ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გეგმა” უწოდა.
“ევროპამ გადაწყვიტა და მზადაა შეხვდეს კრიზისს”, — დაწერა მან ტვიტერის გვერდზე.
საერთაშორისო მონეტარული ფონდის ხელმძღვანელმა მსოფლიო გააფრთხილა, რომ 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ, სახეზეა ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისი. კრისტალინა გეორგიევას თქმით, პანდემია წელს ეკონომიკურ ზრდას მკვეთრად ნეგატიურს გახდის.
ამ მომენტისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 1 610 119 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის, 96 373 გარდაიცვალა და 358 627 გამოჯანმრთელდა.