პუტინი საქართველოზე რომ ზრუნავდეს მაშინ გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან
"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს"-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ამბობს, რომ არავის სჯერა, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმება ვლადიმირ პუტინის მხრიდან ზრუნვას გამოხატავს. ამ საკითხზე მედიისთვის მიცემულ კომენტარში ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქეა შეშფოთებული ქვეყანაში რუსეთის ათასობით მოქალაქის ჩამოსვლის გამო.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ვერ გააკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე.
“ეს აჩენს კითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა? დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის…
ვფიქრობ, ბატონ პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გააუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ნიშნები, რომლებსაც ქართველები დააფასებდნენ”, – თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში და როგორ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
“ეს არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს დამოუკიდებლობა, სცადეს ქართული ენის ჩახშობა 1978 წელს და საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფდნენ ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც თავს დაესხა საქართველოს 15 წლის წინ. თავს ესხმის საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვებს ოჯახებს აშორებს. უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა”, – დასძინა კელი დეგნანმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებაზე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლის მხრიდან ოცნებისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის კომპენსაციაა და “რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს”.
ამის შესახებ ნიკოლენკომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
უკრაინის საგარეოს სპიკერის თქმით, ახლა რუსეთი აპირებს, “დაბომბოს ქართველების ევროპული არჩევანი” და ქართველ ხალხს, ვისი მიზანიც ევროინტეგრაციაა მხარდაჭერას უცხადებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადება:
“რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს და ეშმაკთან გარიგებაში, როგორც იცით, ეშმაკი იმარჯვებს.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, გააუქმოს რუსული ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს საჰაერო მომსახურება, მივიჩნევთ პოლიტიკურ კომპენსაციად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის გამო დაუწესდა, უარისთვის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის გადავადებას.
თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსი მიმდინარეობს, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის”, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევების და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გავსების ფონზე. კრემლი იღებს დათმობებს იმ მწუხარებაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე, რაც მან ქართველ ხალხს მოუტანა.
2008 წელს, რუსული თვითმფრინავები უკვე იყვნენ საქართველოში, რათა მოქალაქეები დაებომბათ. ახლა ისინი აპირებენ, დაბომბონ ქართველების ევროპული არჩევანი.
რუსეთი არაა დაინტერესებული ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსთვის ხელშეწყობით, მისი აყვავებითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია, შექმნას პირობები, რომელშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ბელარუსის გამოცდილებით დამტკიცდა, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთმა შთანთქა.
მოსალოდნელია, რომ აგრესორის პოლიტიკას არ ექნება მხარდაჭერა ქართველ პოლიტიკოსებს და მოსახლეობას შორის, ვინც არაერთხელ საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის პროტესტებით.
ამ კონტექსტში, ჩვენ ქართველებისადმი გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას, მათ ლეგიტიმურ სურვილში, რომ ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო საკუთარ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, მისი რუსეთისადმი პოლიტიკა სინქრონიზდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან და თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს ევროპისაკენ მოძრაობას გამორიცხავს” – აცხადებს ნიკოლენკო.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.