გარემოს დაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა.

მანამდე ის 2014 წლის აპრილიდან ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ელგუჯა ხოკრიშვილი მის გადადგომას ოჯახური პირობებით ხსნის.

ხოკრიშვილმა, რომელმაც პრემიერს გადადგომის თხოვნით მიმართა, მიზეზების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ჩემი საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი.

ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად.

ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა”, – აცხადებს ხოკრიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button