მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უწყლობა ქარელისა და გორის სოფლებში

სარწყავი წყლის მოთხოვნით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. რუისელებმა აქცია ჯერ სოფლის ცენტრში გამართეს, ხოლო მოგვიანებით, ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლეს და ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე წუთით შეაფერხეს.

საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს. რუისელების თქმით, უკვე ორი კვირაა, სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ და მოსავალი უხმებათ.

ადგილზე მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები და ქარელის საკრებულოს წევრები ჩავიდნენ. მოსახლეობა მათ უყურადღებობაში ადანაშაულებს. მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები რუისელებს გრაფიკის დაცვას სთხოვენ. ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან, სოფელს წყალი გრაფიკით, მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება.

მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საღამოს რვა საათზე წყლის მაგისტრალზე ფარები იკეტება და სოფელ რუისს სარწყავი წყლით სარგებლობა 22:00 საათიდან დილამდე შეუძლია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ გრაფიკით წყალი ყველას არ ყოფნის და ბოლო ორი კვირაა, ხალხს წყალი აღარც ღამის საათებში მიეწოდება.

უწყლობის გამო, აქცია გაიმართა ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ცენტრში. მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს. უკვე მეორე თვეა, რაც სოფლის მკვიდრთა ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება.

„ამ საუკუნეში ასეთი პრობლემა თუ იქნებოდა სადმე, არ ვიცი. გვეძლეოდა წყალი 2 საათით და ისიც შეგვიწყვიტეს. უკვე ორი თვეა, ვეზიდებით კილომეტრებიდან. ვისაც მანქანა ჰყავს, ის მანქანით ეზიდება, ვისაც არა გვყავს, დღეში რამდენჯერმე ურმით ან ფეხით მოგვაქვს შორი მანძილიდან. ეს არის უკიდურესი მდგომარეობა და იძულებულები გავხდით, რომ დღეს აქციაზე გამოვსულიყავით.“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლია ლიჩელი.

მეჯვრისხევში აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა და შეკრებილი მოსახლეობის მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო. თავზარაშვილის თქმით, დაწყებულია ჭაბურღილის გასუფთავების სამუშაოები და მეჯვრისხევის მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება.

„არის ერთი უბანი, რომელსაც ამ დროისთვის, წყალი არ მიეწოდება. მიმდინარეობს ჭაბურღილის ამორეცხვის პროცესი და მშენებლები გვპირდებიან, რომ სამშაბათს ან ოთხშაბათს კონკრეტული უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება.“ – განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

წყარო: რადიო თავისუფლება

მსგავსი პოსტები

Back to top button