რეგიონი

პარტია “დროას” საპროტესტო ბანერი პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ

პარტია “დროას” ზუგდიდის ოფისიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ საპროტესტო ბანერი გამოფინეს.

“დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ განაცხადა, რომ ამ ბანერზე არსებული წარწერა მიუთითებდა იმას, რომ პრემიერი “იქით გაუშვეს საითაც, კუნძულ ზმეინიზე მყოფმა უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსი ოკუპანტების ხომალდი”.

მალევე ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. მათ ბანერი ჩამოხსნეს და თავადვე წაიღეს. მარიამ სიჭინავას განცხადებით, როგორც ჩანს პოლიცია ბანერის შინაარსმა განსაკუთრებით გააღიზიანა, რადგან დაახლოებით 30 სამართალდამცავი ადგილზე ძალიან სწრაფად გამოცხადდა:

“ბუნებრივია მათ ამ ბანერის შინაარსი არ მოეწონებოდათ და მათ ველოდი, მაგრამ არ ველოდი ამ რაოდენობის პოლიციას ბანერის ჩამოსახსნელად და შემდეგ წასაღებად…. მე მგონია, რომ მათ დავალება შეასრულეს, იმიტომ რომ აქ სხვა შინაარსის ბანერი, რომ ყოფილიყო და არა ეს, დარჩებოდა აქ დიდი ხანი. ჩვენ ადრეც გავაკარით აქ სხვა შინაარსის ბანერი და აქ ეკიდა დიდი ხანი”, – თქვა მარიამ სიჭინავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 28 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური. მან გააკრიტიკა ოპოზიცია და თქვა, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს, “მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომლითაც ისინი სპეკულირებენ”.
პრემიერის სიტყვებით, ოპოზიცია მათ უკიჟინებს ჩაერთონ ომში და სანქციები დაუწესონ რუსეთს.

მსგავსი პოსტები

Back to top button