მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ოპოზიცია ცალკე წავა, პარლამენტის თავმჯდომარე – ცალკე

ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, უკრაინაში ოპოზიციის დელეგაცია ცალკე წავა, ხელისუფლების – ცალკე.

დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო “გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა – ალოგიკური”.

“მაგრამ, ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მყარი”. – თქვა დეკანოიძემ.

ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების ბუჩაში ჩასვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად უკრაინაში მიიწვია რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების “საკუთარი თვალით სანახავად”.

თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა სტეფანჩუკის მიწვევას “არასათანადო” უწოდა.

მმართველი პარტიის ამ განცხადებების შემდეგ, 9 აპრილს ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოსახატად თავად ჩავიდოდნენ.

მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქართული პოლიტიკური პარტიები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით ესტუმრონ.

თუმცა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც, დაავიწყდა, რაზეა საუბარი, გენოციდია ჩადენილი და სამძიმარზე წასვლაზეა საუბარი, – ასე პასუხობს “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კითხვას, როგორი იქნება მისი პოზიცია, თუკი ყველა პოლიტიკური ჯგუფი არ იქნება წარმოდგენილი დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით.

კითხვაზე, ოპოზიციიდან ვის მიემართება მისი კრიტიკა, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ “ადამიანებს დაავიწყდათ რაზე ვსაუბრობთ და საკუთარი თავისკენ უნდათ კამერების შეტრიალება”.

„ეს სამყარო მხოლოდ ჩვენს გარშემო არ ტრიალებს, ამიტომ ცოტა საკუთარ როლს თუ უფრო რეალისტურად შეხედავენ ადამიანები და გაახსენდებათ ის უმძიმესი მოვლენები და შინაარსი, რის გამოც ვსაუბრობთ ბუჩაში ჩასვლაზე, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თუ დელეგაციაში არ იქნება ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი, მაშინ, როგორც ვიცი, ოპოზიცია საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი და იმედი მაქვს, ამ პოზიციას დაიცავს ყველა ოპოზიციური პარტია , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად ამ პოზიციას, რომ დელეგაციაში ყველა იყოს წარმოდგენილი, ბოლომდე დაიცავს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაიზიარეს პარტია „ლელოს“ ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით, „სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით“, ასევე მხედველობაში მიიღეს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს” მისცა. კობახიძის განცხადებით, ინტერვიუ შეიცავდა „ოპტიმიზმით გაჯერებულ გზავნილებს ორმხრივი მიმართულებით“, რაც გახდა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი იქნება უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ სოლიდარობის გამოხატულების ნიშანი და საუბარი ასევე შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინაში ვიზიტით მიმავალი საპარლამენტო ჯგუფის შემადგენლობის საკითხს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მაინც და მაინც მისაღები ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. აქ მოცემულობა არის უკვე შეცვლილი – ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგაახსენებთ რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 13 აპრილს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში წავა საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შემადგენლობით.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 190-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

მსგავსი პოსტები

Back to top button