მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხია გლობალური ეკონომიკა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

„ჩვენ სხვა ვარიანტი არ გვაქვს, მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა თანამშრომლობა. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე. პასუხისმგებლობის ქონა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი თუ არ დასრულდება, მსოფლიოსთვის წინსვლა რთული იქნება. „დიდი ოცეული“ უნდა იყოს ინკლუზიური ეკონომიკური აღდგენის კატალიზატორი. არ უნდა დავყოთ მსოფლიო ნაწილებად. არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო მორიგ „ცივ ომში“ გადაეშვას“, – განაცხადა მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ სამიტის გახსნით სიტყვაში.

„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისკენ. მან ონლაინ ფორმატში მიმართა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან.

ზელენსკისგან განსხვავებით სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ლიდერების შეხვედრაზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ინდონეზიამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის სამიტზე დასწრების მიწვევის გაუქმებაზე.

სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე ბალიზე აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა. ეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში სი ძინპინთან პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

გერმანიის კანცლერის თქმით, არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს შორის შედგება კონსენსუსი, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია და რომ ბირთვული იარაღი არასდროს უნდა იყოს გამოყენებული.

ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ინდონეზიაში მიმდინარე სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„კარგია და სწორია, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ომის აგრესია მიუღებელია და ამ ომის შედეგად შიმშილია, ენერგიის ფასები იზრდება. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნეგატიურ შედეგებს დავუპირისპირდეთ. ასევე, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, ლიდერებმა უნდა გააგრძელონ იმ საკითხებზე საუბარი, რომელზეც სხვადასხვა პოზიციების აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შოლცის თქმით, საბოლოოდ უნდა დადგეს მომენტი, როდესაც რუსეთი გააცნობიერებს და მიიღებს, რომ ამას სჭირდება სიტუაციიდან გამოსვლა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ შარლ მიშელმა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრის, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, რათა დავარწმუნოთ „დიდი ოცეულის“ ყველა პარტნიორი, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, მწვავე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის დასრულების საუკეთესო გზაა, რომ „რუსეთმა შეწყვიტოს უაზრო ომი და პატივი სცეს გაერო-ს ქარტიას“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ აპირებს – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. შარლ მიშელის თქმითვე, ევროპული კავშირი აპირებს G20-ის სამიტი რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის პირობები, რომლებსაც ის უყენებს მოსკოვს მოლაპარაკებების განახლებისთვის, „არარეალისტურია“.

ეს განცხადება ლავროვმა გააკეთა ინდონეზიაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე, რომელზეც იზრდება რუსეთზე ზეწოლა, რომ დაასრულოს კონფლიქტი უკრაინაში.

„ყველა პრობლემა უკრაინის მხარესაა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მოლაპარაკებებს და აყენებს პირობებს, რომლებიც აშკარად არარეალისტურია“, – თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, მოსკოვის ეს პოზიცია მან წარმოადგინა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე, ასევე მოლაპარაკებებზე რუსეთის პოზიცია აუხსნა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც.
G20-ის დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მკაცრად დაგმო ომი უკრაინაში. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს კიდევ უფრო ასუსტებს გლობალურ ეკონომიკას.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, პროექტში აღნიშნულია, რომ სამიტზე “იყო სხვა შეხედულებები და განსხვავებული შეფასებები სიტუაციისა და სანქციების შესახებ”.

16-გვერდიანი დოკუმენტი G20-ის წევრებს ჯერჯერობით არ მიუღიათ. სამიტი 15-16 ნოემბერს იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button