მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც სანქციებში საქართველოს მონაწილეობას შეეხება.

შესაბამისი დავალება პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ მისცა, რაც “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოითხოვა გამოქვეყნდეს, რა კონკრეტული შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სანქციების საკითხი სხვადასხვა მხრიდან ზედმეტად პროპაგანდისტულ საკითხად იქცა და საჭიროა თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები თუ თემის პიარული ექსპლუატირება შეწყდეს.

როგორც უსუფაშვილის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა.

ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტისას განხილული საკითხებისა და საქართველოს მხრიდან რუსეთისადმი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები – ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს უკრაინის რადას სპიკერის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება, თუ საქართველო კიდევ ერთხელ, უფრო მკაცრად შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მკაცრს ზომებს მიიღებს ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით.

“საქართველო ყველაფერს აკეთებს, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რათა უკრაინისთვის გამოეხატა მხარდაჭერა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს”,- აღნიშნავს კალაძე.

საჭიროა კონკრეტული ადმინისტრაციული აქტების შექმნა და საკანონმდებლო პაკეტების მიღება, რომელთა საფუძველზეც ვიტყვით, რომ სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით ვერ გაივლის – დღეს ეს აკრძალული არ არის! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, საქართველოში ფინანსური სანქციები ავტომატურად მოქმედებს და ეროვნული ბანკი ამის ნაწილია, მაგრამ ავტომატურად არ მოქმედებს ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციები.

“საქართველოს გავლით რუსეთში არც ერთი პროდუქციის ტრანზიტი არანაირი ადმინისტრაციული აქტით შეზღუდული არ არის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს, არსებობს და ჩვენ ამაზე კანონპროექტი გვექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნების მსგავსად სანქციები კონკრეტულ პირებს დაუწესოს, მაგალითად, დუმას დეპუტატებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს- წრეების წარმომადგენლებს, ასევე რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს.

მან პოზიტიურად შეაფასა საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობით გაგრძელდეს.

„ჩემი ერთადერთი შეფასება რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ კარგია, როცა პარლამენტის წარმომადგენლობა ჩადის უკრაინაში, კარგი იქნება თუ ეს ვიზიტი აისახება ორმხრივ თანამშრომლობაში და არ აისახება იმაში, რაც სამწუხაროდ დღეს ვიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში,”- განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button