მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს

კიევი 12 დღის განმავლობაში პირველად გახდა დრონებით თავდასხმის სამიზნე, ყველა დრონის ჩამოგდება მოხერხდა საჰაერო თავდაცვის ძალებით – იუწყება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და დასძენს, რომ, პირველადი ცნობებით, საქმე ეხება “შაჰედის” ტიპის, ე.წ. კამიკაძე-დრონებს.
საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა 8 ირანული წარმოების შაჰიდის ტიპის დრონი გამოიყენეს.
კიევის მესვეურების თქმით, რომელიმე ობიექტზე დრონის მოხვედრა არ აღრიცხულა, თუმცა დრონების ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორ რაიონში დაზიანდა სამი კერძო სახლი. იუწყებიან ერთ დაშავებულზეც, რომელიც ფეხში დაიჭრა.

უკრაინის მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა განახორციელა ირანული წარმოების, “შაჰედის” ტიპის დრონებით და “კალიბრის” ტიპის ფრთიანი რაკეტებით. იუწყებიან, რომ ყველა მათგანის ჩამოგდება მოხერხდა.

თეირანი უარყოფს რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. თუმცა ირანი ამბობს, რომ მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატების მცირე პარტია გაუგზავნა, ოღონდ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრამდე.
მაისის შუა რიცხვებში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ, ვაშინგტონის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოდან ირანმა რუსეთს 400-მდე დრონი მიაწოდა. ივნისში კირბი ამბობდა, რომ, აშშ-ის ინფორმაციის თანახმად, ირანი აპირებს რუსეთში ააშენოს დრონების მაწარმოებელი ქარხანა.

დრონების მიწოდებას რუსეთის ხელისუფლებაც უარყოფს.
ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში რამდენიმე შენობა დაზიანდა, ხოლო დრონების ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაშავდა.

გვიან ღამით უკრაინაში, ხერსონის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსსამსახურის უფროსი, ალექსანდრ ტოლოკონიკოვი, ავრცელებს.

ტოლოკონიკოვის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

როგორც პრესსამსახურის უფროსი ამბობს, გასულ ღამეს ხერსონში ბევრი აფეთქება მოხდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ბერისლავის რაიონის სოფელ მილოვეს შეუტიეს.

ცნობისთვის, 1 ივლისს რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა ხერსონის საცხოვრებელ უბნებსაც. თავდასხმისას ერთ-ერთი ჭურვი სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button