პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით ,,სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია,,

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიასთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
“უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენებაში. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “რადიკალური ნაციონალური მოძრაობის” დე ფაქტო თავმჯდომარეს უწოდებს. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში მის პოლიტიკურ ვითარებაზე საუბარი შეუძლებელია.
“სალომე ზურაბიშვილს წინ გადაეფარა რადიკალური ნაციონალური მოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და მოწინავე, მათი დე ფაქტო თავმჯდომარე. ასე რომ, რა პოლიტიკურ მომავალზე შეიძლება, ვისაუბროთ, არავითარი შანსები არ ექნება”, – ამბობს ოხანაშვილი.
2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობაზე ოცნების დეპუტატი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი “ღალატთან გარიგდა” და მას საზოგადოების მხარდაჭერა ვერ ექნება.
“ადამიანი, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მის განცხადებებს არავითარი ძალა არ აქვს. ფუჭია მისი განცხადებები. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს მოღალატედ მოიხსენიებდნენ და ის, ვინც ამ ადამიანს მოღალატეს ეძახდა, მასთან ერთად არის ეს ადამიანი ალიანსში. ეს ნიშნავს გარიგებას ღალატთან, ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც, ამიტომ, ის, ვინც ღალატთან გარიგდება, ჩვენი საზოგადოების მხრიდან ვერ ექნება ვერანაირი მხარდაჭერა. დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილს გახსნილი აქვს პოლიტიკური კამპანია, შესაბამისად, რაც არ უნდა მან და მასთან დაკავშირებულმა რადიკალებმა პოლიტიკური კამპანია აწარმოონ, მათ ვერ ექნებათ ვერავითარი პოლიტიკური მომავალი”, – თქვა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, “თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, შესაძლოა თუ არა იფიქროთ პარტიის ჩამოყალიბებაზე ან რაიმე სხვა ფორმით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რაზეც მან უპასუხა:
“სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, ეს ევროპული და ეროვნული გადაწყვეტილება იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი და დაასრულოს ისტორიული უსამართლობა“.
ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, ზურაბიშვილი მიიღებს ეროვნულ, ევროპულ გადაწყვეტილებას და შეიწყალებს სააკაშვილს.
„იმედი მაქვს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპამ რეალურად დაინახოს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამის გათვალისწინებით მიიღებს ეროვნულ, ევროპულ გადაწყვეტილებას და შეიწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს. შეუძლებელია, ვისაუბროთ, მათ შორის დეპოლარიზაციაზე, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციაზე, როდესაც ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახით არის პოლიტიკური პატიმარი. გუშინ მქონდა პატივი, გადამეცა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია – „ჩემი ხმა ევროპას“, რომელიც მართლაც, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ევროპელი ლიდერია თანამედროვეობის ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან ნამდვილად პირადად მას აქვს ყველაზე მეტი გაკეთებული ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ, რომ ის შეუერთდა ამ პეტიციას და რუსულმა რეჟიმმა მისი ხმა ვერ დაახშო. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მხოლოდ ამ ფორმატში მქონდა მცირე კომუნიკაციის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ამგვარი ღონისძიება არ იძლევა სიღრმისეული საუბრის შესაძლებლობას. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის ჩვენს საჯარო კომუნიკაციაში, რომ ჩვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციაზე საუბარი მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელსაც ამხელა წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმყოფება პოლიტიკურ, უსამართლო, უკანონო ტყვეობაში, რომლის დასრულებაც პირადად მას შეუძლია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება კითხვას, „რატომ შეცვალა პრეზიდენტმა რიტორიკა?“, – ბოკუჩავა ამბობს: „ვერ გეტყვით, ვერ გავაკეთებ პროგნოზს. ნამდვილად არ მაქვს ამის საფუძველი და არანაირი კონკრეტული ინფორმაცია, რასაც დაეყრდნობოდა ჩემი პროგნოზი, თუმცა, ფაქტია, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის და იმედი მაქვს, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უფრო და უფრო აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ახლა, როდესაც საქართველო იმედია, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება. დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია შეუძლებელია, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში“.
ამასთან, ბოკუჩავას შეფასებით, მათ შორის კვლევები აჩვენებს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნაბიჯი აღქმული იქნება, როგორც ეროვნული და ევროპული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალიზაებას.
„როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, დგას რუსეთის აგენტებზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროპული გზის საბოტაჟირებისთვის, სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, იქნება აღქმული, როგორც მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნება“ თუ დაინახავს, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი გააშვებინოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ნაბიჯს არ გადადგამს, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე.
„შესაბამისად, კითხვა უნდა დაისვას ასე – ბიძინა ივანიშვილი ემზადება თუ არა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ვერ გეტყვით, მაგრამ გამორიცხული არაფერია. არ გამოვრიცხავ, თუ „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილს გააშვებინოს და საზოგადოებას უთხრას, რომ ხმას თუ არ მომცემთ, მიშა მოვა. ანუ, „მიშა მოვას“ გასაძლიერებლად რეკომენდებულია სააკაშვილი გარეთ იყოს. თუ შეიწყალებს, ამას „ქართული ოცნება“ გააკეთებს და არა სალომე ზურაბიშვილი. „ოცნების“ ნარატივი კი იქნება, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო და ამას სალომე ზურაბიშვილს შეახოცებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ “მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია”.
ზარქუა სააკაშვილის შეწყალებაზე იხსენებს ზურაბიშვილის ფრაზას – “არა და არასდროს” და ამბობს, რომ არ უკვირს, თუ პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა”, რადგან მისი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი “უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან გადავიდა”.
“მთელმა საქართველომ კი არა, მსოფლიომ იცის ეს გამოთქმა – არა და არასდროს, ალბათ თქვენც და გეღიმებათ ახლა და ეს რასთან დაკავშირებითაც თქვა, ხომ იცით არა. ახლა თუ იცვლის პოზიციას, არ მიკვირს, იმიტომ რომ გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, წინადადება წინადადება არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა ზოგი ამტკიცებდა, რომ აქ არ შემოვიდოდა შემოვიდნენ, სამარცხვინო იყო. […] კიდევ ერთხელ, ის [სალომე ზურაბიშვილი] აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი.
პრეზიდენტ სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება მივესალმები.
ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში.“
განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.