რუსეთს ქარის ელექტროსადგურებისა და ჩრდილოეთის ზღვაში გამავალი საკომუნიკაციო კაბელების დაზიანების გეგმა აქვს

რუსეთის ბალტიის ფლოტის ანგარიშზე მყოფი ხომალდი საზღვაო კაბელებისა და გაზსადენების კარტოგრაფიას აწარმოებს სკანდინავიის ქვეყნებისა და ფინეთის მიმდებარე წყლებში. ეს შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში. ამის შესახებ მოთხრობილია დოკუმენტურ ფილმში „ჩრდილების ომი“, რომელიც დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის საზოგადოებრივმა ტელერადიოკომპანიებმა გადაიღეს.
ჟურნალისტების ჯგუფმა მოიპოვა რუსეთის ოკეანოგრაფიული გემის, „ადმირალ ვლადიმირსკის“ რადიოსაუბრები. ხომალდიდან გაგზავნილი შეტყობინებების საფუძველზე შეადგინეს მისი მარშრუტების რუკა. როგორც ვარაუდობენ, გემი აწარმოებდა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში განლაგებული ქარის ელექტროსადგურების, გაზსადენების, საინტერნეტო და სხვა ტიპის კაბელების კარტოგრაფიას.
როგორც ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რუსეთს ჩრდილოეთის ზღვაში დისლოცირებული ჰყავს სათევზაო გემებად შენიღბული ჯაშუში ხომალდები, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს სწავლობენ და საბოტაჟის გეგმას ადგენენ.
როგორც ჟურნალისტებს დანიის კონტრდაზვერვის ოფიცერმა განუცხადა, რუსეთი ამ გეგმას დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში აამოქმედებს. გამოძიების თანახმად, აღნიშნულ გემები აღჭურვილია წყალქვეშა სათვალთვალო მოწყობილობებით.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის გემების ფარული საქმიანობის შესახებ ლონდონი ინფორმირებულია და რუსული გემები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვესაც გადაადგილდებიან.
ნატოს სადაზვერვო სამსახურების ექსპერტებმა ფილმის ავტორებს უთხრეს, რომ რუსეთის ხომალდები ასეთ რუკებს ადგენენ ბლოკთან რუსეთის ომის შემთხვევისთვის. ფილმის თანახმად, რუკები გამუდმებით უნდა განახლდეს, მათი არსებობა რუსეთის ფლოტს საშუალებას მისცემს, დარტყმები განახორციელოს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ნორვეგიის ეროვნული რადიოს, შვედეთის ტელევიზიისა და ფინეთის ტელერადიოკომპანია Yle-ს ჟურნალისტებმა შეისწავლეს რუსეთის გემების მარშრუტები და აღმოაჩინეს 50 მათგანი, რომლებიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სადაზვერვო მისიებისთვის გამოიყენებოდა. პოტენციურად ასეთი მარშრუტები 100-ზე მეტი შეიძლება იყოს, ამბობს ფილმში მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტი.
ავტორებმა კომენტარებისთვის მიმართეს რუსეთის მხარეს. პასუხი მიიღეს მხოლოდ ნორვეგიაში რუსეთის საელჩოდან. ელჩის თქმით, რუსეთის გემების მოქმედება საერთაშორისო სამართალს შეესაბამება.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პორტებში რუსეთთან დაკავშირებული გემების გადაადგილების აკრძალვა გაახანგრძლივა. ბრძანება თავდაპირველად გამოქვეყნდა გასული წლის აპრილში და ვადა ამ კვირაში ამოეწურა.
“რუსეთის ფედერაციის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ წინასწარ განზრახული, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სასტიკი ომის გასაგრძელებლად კვლავ წარმოადგენს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების დარღვევის ან საფრთხის გამო”, – წერია ბაიდენის კონგრესისადმი მიწერილ წერილში.