სტიქიის მე-11 დღე – 24 გარდაცვლილი და 9 დაკარგული

სტიქიური უბედურების მე-11 დღე – 24 გარდაცვლილი და 9 დაკარგული, ასეთია ბოლო მონაცემები რაჭიდან. სამძებრო ოპერაციის არეალი გაფართოებულია. ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.
სამძებრო ოპერაციაში, რომელიც ამ დროისთვის ათ ლოკაციაზე ტარდება, მძიმე ტექნიკა, პოლიცია, ჯარი, მოხალისეები და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული. ეპიცენტრი კი ისევ მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებია.
“დღეს მოხდება გარდაცვლილი მოქალაქის, ბატონ გენადი სულთანიშვილის გადმოსვენება. ონის კულტურის სახლში იქნება დასვენებული. ამ დროის მონაცემებით, 24 მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან 20 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია შესაბამისი ყველა უწყება, სამაშველო სამუშაოებს დაემატა ნავები, გაზრდილია სამძებრო არეალი, როგორც მდინარე ჭანჭახის ხეობაში, ასევე მდინარე რიონის ხეობაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები”, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა.
ამასთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის, თქმით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების სტატისტიკა არ შეცვლილა.
13 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან იდენტიფიცირებულია 21. 9 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
როგორც მღებრიშვილი ამბობს, აღმოჩენილია ადამიანის ოთხი ფრაგმენტიც.
“გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა, არის 24 ადამიანი, დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს და ასევე, როგორც მოგახსენეთ, 4 ფრაგმენტია ადამიანის აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები და აი, ეს სიტუაციაა.
აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო, ვისარგებლო შემთხვევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, ეს მნიშვნელოვანია და რატომ, მინდა ავხსნა 2 სიტყვით. თქვენ იცით, რომ მოხალისეების გარკვეული ნაწილი თვითნებურად ცდილობდა რაღაცა მოძრაობებს. წითელი ჯვრის საშუალებით დარეგულირდა ეს საკითხი და, ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები, გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით…
რაც შეეხება მიწის მასის გადამოწმებას, ეს არის 60%. იცით თქვენ, რომ 26 ჰექტარზეა საუბარი, ჩამოწოლილი მასის პერიმეტრს და 5 მილიონი კუბური მეტრი, როგორც გეოლოგებმა განაცხადეს,” – თქვა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ბაკურაძეა. ინფორმაციას ნათესავები ადასტურებენ.
სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო, რომელიც შოვში, კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავმა თინათინ იჩქიტიძემ განაცხადა, ისინი დნმ-ის პასუხს ელოდებოდნენ.
“იყო მარტოხელა დედა და ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში და დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს რომ წავიდა, იმის მერე არ გვინახავს, ვეძებდით ცხედარს. ეს დღეები ველოდებოდით დნმ-ის პასუხს, გუშინ მოვიყვანეთ სახლში და სამშაბათს არის დაკრძალვა. ბავშვი ისევ ონში იმყოფება ახლობლებთან, რომ სტრესი არ მიიღოს, მას ისევ სჯერა, რომ დედამისი კანფეტებზეა წასული და მალე მოუტანს”, – განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა თინათინ იჩქიტიძემ.