საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი შემადგენლობა 6 ოქტომბერს შეიკრიბება

საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული შემადგენლობა 6 ოქტომბერს შეიკრიბება. დახურული ფორმატის შეხვედრაზე სასამართლოს მუშაობისა და ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ იმსჯელებენ.
6 ოქტომბერს, 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხი, ხოლო 14:00 საათზე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენისა და არჩევის საკითხი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატები, ხოლო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.
ახალი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, ხოლო პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო რომ თავმჯდომარედ დაინიშნოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე ზაზა თავაძე მოიაზრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ახალი მოსამართლე ჰყავს: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.