მნიშვნელოვანირეგიონი

არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება, თავად გარდაცვლილმა წერილობით ითხოვა

თელავში მოკლულმა ქალმა მეგობარი მამაკაცისათვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს წერილობით თავად მიმართა-განცხადებას დაკავებული მამაკაცის ყოფილი ადვოკატი აკეთებს.

ადვოკატი ნაზი სუმბაძე ამბობს, რომ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 5 ოქტომბერს დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილის მიმართ, არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება, 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, თავად გარდაცვლილმა, მარიამ გამტკიცულაშვილმა წერილობით ითხოვა.

” გამოძიებასაც მისცა ჩვენება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პრეტენზია არ ჰქონდა და სასამართლოსაც მიმართა ცალკე განცხადებით. მე ასე მახსოვს, რომ დედამისმაც განაცხადა, რომ პრეტენზიები არ აქვს. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში, მარიამი წერდა, რომ მეუღლე მისი და ბავშვების მარჩენალია და არ სურს მისი დაპატიმრება. ძალიან გახარებულები იყვნენ ორივე, პროცესი რომ დასრულდა, გადაკოცნეს ერთმანეთი, ფაქტიურად, შერიგდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნასამართლევი არ არის, არც შემაკავებელი ორდერი ყოფილა გამოწერილი, როგორც ჩანს, მანამდე, პოლიციისათვის არ მიუმართავთ. ეს ყველაფერი სასამართლოს განჩინებაში წერია. რა მოხდა მას შემდეგ, არ ვიცი, მედიასაშუალებებით შევიტყვე, რომ ასეთი მძიმე ამბავი შეემთხვა”- განაცხადა ნაზი სუმბაძე.

გარდაცვლილი მარიამ გამტკიცულაშვილის დედა, ლეილა გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ სასამართლოში შეტანილ განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს.

” მე რაც მოვისმინე, ის არის, რომ ჩემმა შვილმა უთხრა გამომძიებელს, არაფერი მაქვს სათქმელი ამ ადამიანთან და არც პრეტენზია მაქვსო. მე არაფერი დამიწერია. სასამართლოში რა განცხადება შეიტანა, პირველად მესმის. მე ვფიქრობ, ეგ იმ ბიჭის ბიძისა და დედის გავლენით გააკეთა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ის პატიმრობიდან გადაერჩინათ. დედამისმა იტალიიდან დაურეკა, აბა შენ იცი, მარიამ შვილოო. ბიძამისი მთელი დღე თავზე ედგა, მოსვენება არ მისცა. ეშინოდა კიდეც იმ ბიჭის, ძალიან ეშინოდა. არავითარი მარჩენალი ეგ არ იყო, თავის სოფელში, კონდოლში, საქონელი ჰყავს და თუ მაგას ეძახდა რჩენას, არ ვიცი. მაგათი გავლენით დაწერა ეგ განცხადება, ალბათ “- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, თორნიკე გამხვეტელაშვილი, 5 ოქტომბერს, მარიამ გამტკიცულაშვილის მიერ, 112- ში ორი დღით ადრე განხორცილებული ზარის შემდეგ დააკავეს.

6 ოქტომბერს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე, ის დარბაზიდან, 2 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალდების მხარემ, გირაოს შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, 9 ოქტომბერს, გამხვეტელაშვილმა, 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი, თელავში, ალაზნის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, დანით მოკლა.

22 წლის გამხვეტელაშვილი დაკავებულია. მას ბრალს,ხვალ წაუყენებენ. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დღესვე გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილები გამოიკითხნენ, რომლებიც მკვლელობის ფაქტს, უშუალოდ შეესწრნენ.

ამის შემდეგ, სოციალურმა სამსახურმა, მათთვის მეურვის დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გამხვეტელაშვილს, 16- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button