მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას განათლების სამინისტრო ეხმაურება

გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად“,- აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული ენის სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

რუსული ენის სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, როდესაც მოსწავლეებს სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინათ.

დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

ცნობისთვის, ქართული ენა და ლიტერატურა, გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.

შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, საგანგებო თათბირზე გააცნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button