მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „დედების მარშს” შეუერთდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც „დედების მარშს” შეუერთდა.

ზურაბიშვილის თქმით, ის მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მსვლელობა პარლამენტის ტერიტორიისკენ გადაინაცვლებს.

„დედების მარში” მიმდინარეობს ლოზუნგით – „ჩემი შვილია, ხელი გაუშვით”. მარშის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”.

დედების მარში დღეს სიმბოლურად, დედის დღესთან დაკავშირებით იმართება, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების დედები, ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას.

რეჟიმის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედის მარიზი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მათ სატკივარს სხვა დედებიც იზიარებენ და მხარდაჭერას უცხადებენ.

“დღევანდელი მარში მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენ დედები ყოველდღე ვდგავართ ჩვენი შვილების გამო ქუჩაში, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვერდით უამრავი დედა გვიდგას და ჩვენთან ერთად გაემართებიან ამ მარშით. მადლობა ამ დედებს, რომლებსაც გული სტკივათ ჩვენს გამო. ჩვენმა შვილებმა ციხიდან მოგვილოცეს. გააკეთეს ისე, რომ ყვავილები მოგვართვეს ჩვენი შვილების სახელით. ძალიან მწარეა დღევანდელი დღე ჩვენთვის, რასაც გულით ვუსურვებ იმათ დედებს ერთი არ ასცდეთ.” – განაცხადა მარიზი კობახიძემ.
მარში ფილარმონიის ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს და დიდ აქციას შეუერთდება, რომელიც უკვე 96-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს. ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button