მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“წერტილებით [გახარია] საკუთარ თანაგუნდელებს ესაუბროს”

„ბატონმა გახარიამ, მეტი დამაჯერებლობისთვის, დღეს 2 წერტილი გვესროლა და ორივე ააცილა.” – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ნათქვამს, საქართველოში პოლიტპატიმრების არარსებობასთან დაკავშირებით.

“ვურჩევდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეპყრას უცხოელი პარტნიორების განცხადებას და წაიკითხოს მაინც. არსად, არც ერთ განცხადებაში პოლიტპატიმრები არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები დიპლომატიურ ეტიკეტს იცავენ, თუმცა ისინი ითხოვენ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და ყველა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არის 2-ნაწილიანი. ერთი – ეს ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, ხოლო მეორე ნაწილი – მართლმსაჯულების სფეროს და კონკრეტულად, სამი პატიმრის გარეთ ყოფნას.” – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს ასევე, პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე და ამბობს, რომ წერტილებით და დეფისებით, პრემიერი საკუთარ თანაგუნდელებს ელაპარაკოს.

“წერტილებით, დეფისებით და წერილებით, გიორგი გახარია საკუთარ თანაგუნდელებს ესაუბროს. რეალობა არის ჯიუტი. ის, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზიაცია და საქართველოს არაერთი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს ის პირობა, რომელიც 8 მარტს გაფორმებული შეთანხმებით შედგა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია “ნაცინალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ურჩევს, მეტი ყურადღებით გაეცნოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას და პასუხისმგებლობით მოეკიდოს 8 მარტს აღებული ვალდებულებების შესრულებას.

„როგორც ჩანს, პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა, აღარ ახსოვს, ცოტა ხნის წინ ბოდიშებით რომ ესაუბრებოდა საზოგადოებას. უახლოეს მომავალში კიდევ სხვა ბევრი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი კიდევ ერთხელ გაახსენებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული და ასევე შეახსენებს იმას, თუ რა შედეგი მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმებაზე უარის თქმას, ორივე ნაწილში, რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევო სისტემის ცვლილებას“. – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ: გიორგი გახარიამ დღეს ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ცნობისათვის: ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა და სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button