უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1 აპრილს განახლდება – არახამია

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ინფორმაციით მოლაპარაკებების პროცესი 1 აპრილს განახლდება და ონლაინ ფორმატში წარიმართება.
არახამია იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში შესაძლებელი გახდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზება.
რაც შეეხება უკრაინიის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით შესაძლო რეფერენდუმის საკითხს, არახამიას თქმით ეს უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ის ხანმოკლე პროცესი არ იქნება.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს.
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.