“ექსპერტების დასკვნით, ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება”

“ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ჩიხში არ შესულა, პირიქით, საინტერესო დეტალები იკვეთება და საქმის გასახსნელად ინტენსიური მუშაობა გრძელდება”, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს. ჟვანია ელოდება, რომ ძალიან მალე სერიოზული ძვრები მოხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

“ცხადია, არის სიახლეები, რომლებზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი. FBI-ს დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. შეფასებით ნაწილში კი ორაზროვანი ფრაზებია. ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია – სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, CO სწორედ არასრული წვის პროდუქტია”, – აცხადებს გოგლა ჟვანია.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ; ასევე, ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურაბ ჟვანიასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს.

“ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. ის გადაიღო შსს-ს ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს. ამ დასკვნაში წერია ის, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება”, – განმარტავს გოგლა ჟვანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button