მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტის შეწყალების მოლოდინი არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტის შეწყალების მოლოდინი არ აქვს. მისი თქმით, იცის ზურაბიშვილის პოზიცია და მისი ცვლილების საფუძველს ვერ ხედავს.
პაპუაშვილის თქმითვე, ყველა, ვინც ახლა ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას, ცდილობს, ხელი შეუშალოს გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას.

“მე არ მაქვს არანაირად ამის მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია, რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ეს პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თავადაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანის საქმეს და დღეს ამ საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა, ვინც ახლა ცდილობს, რომ როგორმე დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებები შეცვალოს, ერევა მართლმსაჯულებაში, რაც, პაპუაშვილის განცხადებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი ევროპულია.

„პარლამენტი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ჩვენ არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური პროცესი ფარსად, არ უნდა ვაქციოთ მართლმსაჯულების დამოკიდებულება პირად გემოვნებად. ასე რომ, საქართველოს მართლმსაჯულება ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების პროცესში. რაც არის განხორციელებული, თუ მიმდინარე პროცესები, თუ გამოტანილი განაჩენები, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებები. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს გადაწყვეტილებები შეცვალოს, ერევა მართლმსაჯულებაში, რაც, კიდევ ერთხელ, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დიაგნოზს, პაპუაშვილის თქმით, ეს ექიმების და სასამართლოს კომპეტენციაა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ აპირებს ხელისუფლება ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ვერავინ ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების პროცესში“.
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გაიმართა. მოქალაქეები არაერთხელ შეიკრიბნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც და ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდეს. 28 დეკემბერს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ზურაბიშვილი სიტყვით სასახლის ეზოში გამოვიდა, თუმცა თავისი სათქმელი არ დაასრულა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.

ბრიფინგზე მან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა ორივე მხარეს აწყობდა. თუმცა ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამას “პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა”.

აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის “არა და არასდროს”. 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო

მსგავსი პოსტები

Back to top button