გოგონათა 16-წლამდელთა ნაკრებმა ანდორას სძლია და ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპი დაძლია. ქართველებმა ანდორაში მიმდინარე ტურნირის პირველი მატჩი გიბრალტართან მოიგეს, გუშინ კი მასპინძელ ანდორასაც სძლიეს და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს.

16-წლამდელთა ნაკრებმა ორივე მეტოქე დიდი გართულების გარეშე დაამარცხა. გიბრალტარელებს ქართველებმა 61:46 მოუგეს, მასპინძელთა ნაკრები კი 17 ქულით – 55:38 დაამარცხეს და სამგუნდიან ჯგუფში პირველობა გაინაღდეს.

საქართველოს ნაკრებში კვლავ 21 ქულა ჰქონდა ნატალია ოთხმეზურს. შედეგიანად ითამაშა მარი ჟარიშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 10 მოხსნა და 6 ჩაჭრა მოაგროვა. 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა გვანცა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და დღევანდელ მატჩს, რომელშიც ქართველებისგან ძლეული ანდორა და გიბრალტარი ხვდებიან, აზრი დაუკარგა.

საქართველოს 2 დღე დაისვენებს და დაელოდება ნახევარფინალის მეტოქეს, რომელიც უელსისა და მალტის საკვალიფიკაციო მატჩში გაირკვევა.

საქართველოს მსგავასად, მეორე ჯგუფში 2 გამარჯვება მოიპოვა და პირველ ადგილთან ერთად, ნახევარფინალის საგზური გაინაღდა კოსოვოს ნაკრებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button