მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის ჯარები “ქალაქ ღაზის შუაგულში” იმყოფებიან

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მისმა ძალებმა ქალაქ ღაზის სიღრმეებს მიაღწიეს, სადაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ლიდერი ბუნკერშია გამოკეტილი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის მებრძოლები “ქალაქ ღაზის გულში არიან და მარყუჟს ჰამასის გარშემო თანდათან ავიწროებენ.”

“ქვეით, ჯავშანტექნიკითა და ტანკებით შეიარაღებულ ჯარისკაცებს ერთი სამიზნე აქვთ – ჰამასის ტერორისტები ღაზაში, მათი ინფრასტრუქტურა, მათი მეთაურები, ბუნკერები და საკომუნიკაციო ოთახები. ჰამასის ლიდერი ღაზაში, იაჰიუა სინვარი გამოკეტილია თავის ბუნკერში. ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც ერთი თვის წინ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალებსა და ბავშვებზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა გალანტმა პრესკონფერენციაზე.
ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის ცენტრამდე მიაღწიეს. რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ქალაქი სრულ ალყაში მოაქციეს.
გალანტმა ქალაქ ღაზას უწოდა „ტერორისტების ერთი დიდი ბაზა” და თქვა, რომ მის დემონტაჟს განაგრძობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ომის დაწყებიდან ერთ თვეში, ღაზის სექტორში იერიში მიიტანეს „ჰამასის” 14 000-ზე მეტ ობიექტზე და გაანადგურეს ძირითადი ინფრასტრუქტურა და იარაღი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელს ომი თავს მოახვიეს და ამ ომს მიზნის მიღწევამდე ვერ შეწყვეტენ. ისრაელს მიზნად გამოცხადებული აქვს „ჰამასის” სრულად განადგურება.

იოავ გალანტმა დაადასტურა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა არ გამოცხადდება „ჰამასის” მიერ მძევლების გათავისუფლების გარეშე.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ღაზის სექტორში, სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშ კილომეტრობით სიგრძის გვირაბები გადიოდა, რომლებიც იარაღის საწყობებად და საკომუნიკაციო ოთახებად გამოიყენებოდა და მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა ტერორისტებისთვის.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის ძირითადი მიზანიც სწორედ ამ გვირაბების განადგურება იყო.

“ჩვენ ვზრდით ჰამასზე ზეწოლას ყოველდღიურად. ჯერჯერობით, ჩვენ მოვკალით ათასობით ტერორისტი, როგორც მიწის ზევით, ასევე მის ქვეშ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო განცხადებაში.
7 ნოემბერს, ღამით, ისრაელის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, პრაქტიკულად, იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი ინფორმაციით, ისრაელის არმია ქალაქ ღაზის შუაგულში მოქმედებს.

ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს კვლავ ინტენსიურად უტევენ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ომის დასრულების შემდეგ ისრაელს არ აქვს ანკლავის მართვის სურვილი.
“სექტორის მმართველი არც “ჰამასი” იქნება და არც ისრაელი, დანარჩენი ყველაფერი შესაძლებელია” – ამბობს იოავ გალანტი.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ექიმები ანესთეზიის გარეშე მოქმედებენ, მატულობს მსხვერპლი.

გასული დღის განმავლობაში, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით სექტორი 600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ევაკუაციის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პარალელურად, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის სენატმა ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა. საუბარია
14 მილიარდზე მეტი ოდენობის კანონპროექტზე.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10300-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button