ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამის შესახებ პუტინმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.
“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა.
მანამდე, თვითგამოცხადებული “რესპუბლიკების” ე.წ. ლიდერებმა კრემლის ლიდერს სთხოვეს, ეღიარებინა მათი ე.წ. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები – დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა, ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმია უკვე შევიდა.
ამის შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ შედის ოკუპირებულ რეგიონში ცოცხალი ძალა – რამდენიმე ათასი ადამიანი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა.
ვლადიმერ პუტინი გადამწყვეტი ზომებისთვის ემზადება.
დასავლეთის ლიდერების მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა.
ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ველოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, არსებული მდგომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, აშშ-ის პრეზიდენტ აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან განიხილა. ასევე იგეგმება სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე კონსულტაციების დაუყოვნებლივ გამართვის მოთხოვნით მიმართა. ასევე ინიცირებულია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ეუთოს საგანგებო სხდომა და „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი.
ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება და პროვოკაციებს არ ჰყვება.
„კარგად შეგვიძლია პროვოკაციებისა და აგრესორის ჯარების შემოტევის ერთმანეთისგან განსხვავება. სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ქაოტური ქმედების მიზეზი ამჟამად არ არსებობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. დონეცკის და ლუგანსკის აღიარების შემდეგ, სხდომის ჩატარება შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა მოითხოვეს. სხდომაზე მიწვეული იყო უკრაინის მისიის ხელმძღვანელიც.
დიპლომატებმა, უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს. სხდომაზე რუსეთის საქართველოში შემოჭრაც გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს, რომ ხვალ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შეიძლება კიდევ სხვა ქვეყანა გახდეს.
“პუტინმა განაცხადა, რომ ამ რეგიონებში რუსულ ჯარებს განათავსებს, ის მათ მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ეს აბსურდია. ჩვენ კარგად ვიცით ვინ არიან ისინი. გვერდით არ უნდა გავიხედოთ, ისტორია გვეუბნება, რომ ასეთ მტრულ გარემოში გვერდით გახედვა უფრო ძვირად დაგვიჯდება.
რუსეთის თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, არაპროვოცირებულია. ეს არის თავდასხმა გაეროს წევრის სახელმწიფოების უკრაინის სტატუსზე. პრეზიდენტ პუტინის ეს ნაბიჯი, ნათლადაა მცდელობა შექმნას პროტექსტი უკრაინაში შემდგომი შეჭრისთვის. პუტინს სურს მსოფლიომ დროში უკან იმოგზაუროს, იმ დროში, სანამ იარსებებდა გაერო და იმპერიები მართავდნენ მსოფლიოს, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა,”- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდი.
ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ ესტონეთი არასოდეს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარების შესახებ.
ესტონეთის პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე დაწერა.
“ესტონეთი არასოდეს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარების შესახებ. ისინი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილია, ისევე როგორც ყირიმი. ცხადია, მოსკოვი არასერიოზულია დიპლომატიაში. ჩვენ უკარაინის გვერდით ვდგავართ,” – წერს ალარ კარისი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღავრული სანქციების განკარულებას ხელი მოაწერა.
თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, პრეზიდენტ პუტინის ქმედების საპასუხოდ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებელ” სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ეს განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან ერთად მიიღებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
„ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების თაობაზე და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ,“– ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამ განკარგულების მიღების შესაძლებლობის შესახებ თეთრი სახლის პირველივე განცხადებაში ითქვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა. სადაც ეწერა, რომ მსგავს ნაბიჯს ვაშინგტონი ელოდა და მზად არის მყისიერი პასუხისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”. მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მიმართ და, სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” – წერს ღარიბაშვილი.
მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
„საქართველო უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის მხარდაჭერის ნიშნად“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.