მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ჯარებმა შესაძლოა ბახმუტში ვაგნერის ალყაში მოქცევა სცადონ

ომის 444-ე დღე დაბომბვით დაიწყო, თუმცა ომში მყოფი ქვეყანა ბახმუტის მიმართულებით პოზიციებს იმაგრებს და წინ მიიწევს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკანდახევა პოზიციებიდან ბახმუტის ჩრდილოეთით. ბახმუტი უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქია, რომელიც გასული ზაფხულიდან მძიმე ბრძოლების არეალია მის დამცველ უკრაინის არმიასა და რუსეთის ძალებს შორის.

12 მაისს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმიამ ბერხოვსკის წყალსაცავზე „ახალი ზღუდე აიღო“ „მისი ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით“ (ციტატა სამინისტროს ტელეკომპანია „ზვეზდას“ მიერ).

სინამდვილეში, ეს ნიშნავს უკან დახევას ბოგდანოვკის მხარეში. ამის და უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის შესახებ მანამდე „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა და უკრაინის არმიამ გაავრცელეს ინფორმაცია.

Reuters-ის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ახლა ორივე მხარე იტყობინება უკრაინის ყველაზე დიდი წარმატებების შესახებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა უკრაინა ბევრ დეტალს არ ავრცელებს.

სამინისტროს წარმომადგენლის, თქმით, უკრაინამ დაიწყო შეტევა ბახმუტიდან ჩრდილოეთით 1000-ზე მეტი ჯარისკაცითა და 40-მდე ტანკით – ეს ის მასშტაბია, რომ მისი დადასტურების შემთხვევაში, ეს უკრაინის ყველაზე დიდი შეტევა იქნება ნოემბრის შემდეგ.
რუსეთის ჯარის უკან დახევა შესაძლებლობას აძლევს უკრაინის შენაერთებს გააკონტროლონ ჩასივ იარისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, საიდანაც ისინი მომარაგებას იღებენ ბახმუტში. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ამას, პერსპექტივაში, შეიძლება მისი დაქირავებული მეომრების ალყაში მოქცევა მოჰყვეს ქალაქის შიგნით. ამის შესახებ რუსეთის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. “მტერმა მთლიანად გაათავისუფლა ჩასივ იარ-ბახმუტის გზა, რომელიც ჩვენ გადავკეტეთ. მტერს ახლა შეუძლია ამ გზის გამოყენება, და მეორეც, მათ აიღეს ტაქტიკური მაღლობი, რომლის ქვეშაც მდებარეობს ბახმუტი”, – თქვა პრიგოჟინმა, რომელმაც უკანასკნელი კვირის განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის არმია იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო მისი რაზმების მომარაგება ბახმუტში.

ამასთან ინსტიტუტის თანახმად, რამდენიმე რუსული წყარო ვარაუდობს, რომ უკრაინულმა ჯარებმა, შესაძლოა, ბახმუტში ვაგნერის ალყაში მოქცევა სცადონ. დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ბერხოვკას უახლოვდებიან. მისი თქმით, უკრაინა ახლა პოზიციებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნიდან 500 მეტრში იკავებს.
“რუსი ბლოგერებიდან ბევრი ამტკიცებდა, რომ უკრაინის ქმედებები ბახმუტის გარშემო აღნიშნავდა მოსალოდნელი საგაზაფხულო კონტრშეტევის დაწყებას და ამასთან, ვარაუდობენ, თუ სად იქნება კონცენტრირებული თავდაცვის ძალების ძირითადი ძალისხმევა”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ცნობისთვის უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინულ ძალებს დაგეგმილი კონტრშეტევა ჯერ არ დაუწყიათ.

უკრაინის არმიის აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენელმა, სერჰი ჩერეტიმ განაცხადა 12 მაისს, საღამოს, რომ ბოლო სამ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს გაეთავისუფლებინათ ბახმუტის რაიონის 17-კვადრატულკილომეტრიანი ნაწილი.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორი რაკეტა მოხვდა სამრეწველო კომპლექსს ლუგანსკში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კმ-ში ფრონტის ხაზის უკან. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა, ნაჩვენებია კვამლის უზარმაზარი სვეტები ქალაქის თავზე. თავდასხმა, რომელიც უკრაინის მიერ ადრე განლაგებული მთავარი საბრძოლო რაკეტების მოქმედების რადიუსს მიღმა მოხდა, განხორციელდა ერთი დღეში მას მერე, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აგზავნიდა უფრო შორი მოქმედების ფრთოსან რაკეტებს.

წინა დღით რუსეთის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო სრულმასშტაბიანი იერიში, რაც მოგვიანებით ნაწილობრივ იქნა უარყოფილი. უკრაინის სარდლობას ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 12 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ შეძლო რუსეთის ძალების შეჩერება და ზოგიერთი მიმართულებით „მათი უკან განდევნაც
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა საკუთარ ფიქრებში, ომი უკვე წააგეს.

“შტაბის შეხვედრა ჩავატარე. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო. რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში, მათ ეს ომი უკვე წააგეს. მათზე ყოველდღე უნდა მოვახდინოთ ისეთი ზეწოლა, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად გადაიქცეს. მადლობა ყველას, ვინც მრავალი სირთულის მიუხედავად, ჩვენს მიწას უკრაინას უბრუნებს. ჩვენ ვემზადებით, რომ თქვენ, მებრძოლებს, კიდევ უფრო მეტი იარაღი მოგაწოდოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგცეთ აგრესორის დამარცხებისა და მშვიდობის აღსადგენად,”-განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button