მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მთავრობის„არამეგობრული ქვეყნების“ სიაში საქართველო ისევ არ მოხვდა

რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლმა „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალს დაამატა საბერძნეთი, დანია, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია. ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია ამ ქვეყნების „არამეგობრული ქმედებები რუსეთის, კერძოდ, საზღვარგარეთ მისი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების მიმართ”.

„არამეგობრული ქვეყნების სტატუსის“ გამო საბერძნეთს, დანიას, სლოვაკეთს, სლოვენიას და ხორვატიას შეეზღუდათ უფლება, საელჩოებსა და საკონსულოებში თანამშრომლებად აიყვანონ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი პირები. რუსეთის მთავრობა ამ სიას ადგენს პრეზიდენტ პუტინის მიერ 2021 წლის აპრილში გამოცემული განკარგულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს „უცხოეთის სახელმწიფოების არამეგობრულ ქმედებებზე ზემოქმედებისთვის ზომების მიღებას”.

„მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რა რაოდენობის თანამშრომლების აყვანა შეუძლია თითოეული ამ სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებს რუსეთში.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების პასუხად ხელი მოაწერა კიდევ ერთ განკარგულებას და მთავრობას დაავალა სიის შედგენა იმ ქვეყნებისა, რომლებიც “არამეგობრულად” ექცევიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს. ამ ჩამონათვალშია 50-მდე სახელმწიფო, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, იაპონია და ა.შ.

სია კრემლმა 7 მარტს დაამტკიცა და მასში თავდაპირველად 21 ქვეყანა იყო დასახელებული. მათ შორის არ ყოფილა და არც ამჟამად მოხვდა საქართველო.

მსგავსი პოსტები

Back to top button