მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით კვდებიან-WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბავშვები შიმშილით იღუპებიან ჩრდილოეთ ღაზაში.

ტედროს გებრეიესუსმა თქვა, რომ სააგენტო ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ ამ შაბათ-კვირას პირველად ეწვია ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ საკვების ნაკლებობამ გამოიწვია 10 ბავშვის დაღუპვა და რომ საავადმყოფოების შენობები დანგრეულია.

“ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში კვირას ამბობდა, რომ სულ მცირე 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად კამალ ადვანის საავადმყოფოში.

მეთექვსმეტე ბავშვი გარდაიცვალა კვირას სამხრეთ ქალაქ რაფაჰში მდებარე საავადმყოფოში, იტყობინება ორშაბათს პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Wafa.

გებრეიესუსმა განაცხადა, რომ “არასრულფასოვანი კვების მძიმე დონე, შიმშილით დაღუპული ბავშვები, საწვავის, საკვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სერიოზული დეფიციტი, დანგრეულია საავადმყოფოების შენობები” ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს მცირე ოდენობის საკვებით ან სუფთა წყლით.

“საკვების ნაკლებობამ გამოიწვია 10 ბავშვის სიკვდილი”, – დაწერა მან X-ზე.

გაეროს დახმარების ფონდის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ სულ მცირე 576 000 ადამიანი ღაზას სექტორში – მოსახლეობის მეოთხედი – განიცდის სასურსათო დაუცველობის კატასტროფულ დონეს და ჩრდილოეთ ნაწილში ორ წლამდე ასაკის მეექვსე ბავშვი განიცდის მწვავე არასრულფასოვნებას.

Unicef-ის რეგიონალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ “ბავშვთა სიკვდილი, რისიც გვეშინოდა, აქ არის, რადგან არასწორი კვება ანადგურებს ღაზას სექტორს”.

“ეს ტრაგიკული და შემზარავი სიკვდილი არის ადამიანის მიერ შექმნილი, პროგნოზირებადი და სრულიად თავიდან აცილებადი”, – თქვა მან კვირას გავრცელებულ განცხადებაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს „ყველა შესაძლო გზა“ ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ღაზის სექტორისთვის და განაცხადა, რომ ანკლავში არსებული მდგომარეობა მიუღებელი და არამდგრადია.

„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, ყველა შესაძლო მეთოდი, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამისთვის საჭიროა მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნა, ეს მოითხოვს მეტი დახმარების გაგზავნას, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს დახმარება მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს სჭირდება. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე ზეწოლას ყოველდღე, რადგან ეს სიტუაცია უბრალოდ მიუღებელია“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, არსებობს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების შესაძლებლობა.

„ჩვენ გვაქვს ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, მძევლები სახლში დააბრუნოს და რამაც შეიძლება, მკვეთრად გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა პალესტინელებისთვის, რომლებსაც ეს ასე ძალიან სჭირდებათ“, – განაცხადა ბლინკენმა.

ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ განცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

ბენ განცმა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა, მიაღწიოს მიზნებს – გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, ასევე იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

„განცმა გაიმეორა ისრაელის მიზნის შესრულების აუცილებლობა, რათა გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ და იპოვონ გზა ჰუმანიტარული დახმარების მშვიდობიან მოსახლეობამდე მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ისაუბრა ღაზაში ყველა სამხედრო მიზნის შესრულების მნიშვნელობაზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია განცის ოფისის განცხადებაში.

ბენ განცმა მადლობა გადაუხადა კამალა ჰარისსა და ჯეიკ სალივანს მძევლების გათავისუფლების მცდელობისთვის. განცის განცხადებით, ისრაელის მთავარი მიზანია მძევლების დაბრუნება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 450-ზე მეტი თანამშრომელი ტერორისტული ჯგუფის მებრძოლია ღაზის სექტორში და ამის შესახებ გაერო-ს უკვე შეატყობინეს.

როგორც ჰაგარი აცხადებს, ეს აღარ არის დამთხვევა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, „ჰამასი“ იყენებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად.

„გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 450-ზე მეტი თანამშრომელი არის ტერორისტული ჯგუფის მებრძოლი ღაზის სექტორში. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, ეს არის სისტემური. „ჰამასი“ იყენებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და იყენებს მათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად. ეს ტერორისტები დასაქმებულები არიან გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში, ისინი იღებენ ხელფასს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იხდის“, – განაცხადა ჰაგარიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button