მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია ოქრუაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, პარტია „გამარჯვებული საქართევლოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა „არაფრის გამო, შეთითხნილი ბრალდებით“ მიუსაჯეს.

„ირაკლისთან ვიყავი მთელი ის საღამო. რა შეთქმულება, რა ორგანიზება, რა სახელმწიფოს დამხობის იმაში მონაწილეობა?! სამარცხვინო არის აბსოლუტურად. ეხლა ამათ ჰგონიათ, რომ რახან პანდემია არის, ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს, არც ოპოზიციის მხრიდან და არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების და საელჩოების ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებმაც ფაქტიურად, თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ? ვაშაძემ უპასუხა: „გადაწყვიტონ, როგორ. როგორც შეთითხნეს ეს საქმეები, ისე მონახონ ამ საქმეებიდან გამოსავალი“.

ვაშაძის განცხადებითვე, თუ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, არ იქნება საარჩევნი საკითხებზე ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება: „სხვა რაღაცეებიც არის მოფიქრებული სიმართლე გითხრათ, უბრალოდ, ამაზე არ მინდა ეხლა ლაპარაკი. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ოპოზიცია უძლური არის და თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ კორონავირუსის პანდემიამ ისე მოაძლიერა ხელისუფლება, რომ პრობლემები არ ექნება, ძალიან ცდებიან“.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენით, სასამართლომ არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება შესრულდეს, საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება:

„უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და გაათავისუფლონ. ამის გზები არსებობს. სხვა გზა პოლიტიკური ნორმალიზების არ არსებობს, რაც არავის ინტერესში არ შედის. მათ შორის, არც „ქართული ოცნების“ ინტერესში“, – უთხრა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

“ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button