მნიშვნელოვანისიახლეები

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაშია

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაშია. გენერალურმა პროკურატურამ ამჯერად ISFED-სგან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე ორგანიზაცია უკვე მეხუთე თვეა უარს ამბობს, თუმცა დღეს განაცხადეს, რომ მასალას პროკურატურას მიაწვდის. ინფორმაცია თავად “სამართლიანმა არჩევნებმა” “ფეისბუკ” განცხადებით გაავრცელა, რასაც მალევე ორგანიზაციის დირექტორის სტატუსიც მოჰყვა.
როფორც ისფედ-ში აცხადებენ, წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამოუკიდებელი გადაწყვეტილება თუ დონორებთან შეთანხმებული პოზიცია – ვისი ინიციატივით არ გასაჯაროვდა პარალელური დათვლის შედეგები, გაუზიარეს თუ არა მონაცემები საკუთარ დამფინანსებლებს, USAID-ის ან ამერიკის საელჩოს – კითხვებს ISFED-ში არ პასუხობენ. ჟურნალისტები დღეს ორგანიზაციის ოფისშიც იმყოფებოდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ ისურვეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ISFED-ის მიზანი, ამჯერადაც არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება იყო, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით, პარალელური დათვლის მონაცემები ვერ გააყალბეს. ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ გამოძიება 5 წლის წინანდელი სკანდალითაც უნდა დაინტერესდეს.

2020 წლის მოვლენები ოპოზიციაშიც ახსოვთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნების პარალელური დათვლის გამოქვეყნება ISFED-ის რეპუტაციას გამოასწორებდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ISFED-ზე საუბარი არ სურს და მხოლოდ პროკურატურის მიმართ უნდობლობას გამოხატავს.

“სამართლიანი არჩევნების” უსამართლო ნაბიჯი – ასე აფასებენ მმართველ გუნდში ISFED-ის გადაწყვეტილებას. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ორგანიზაცია პარალელურ დათვლას ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა და სწორედ ამიტომ არ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც ცესკოს შედეგებთან თანხვედრაში იყო.

ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის“ შესახებ, ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, ამ ორგანიზაციას ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები

ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის“ შესახებ, ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, არავითარი ახსნა და განმარტება, ბუნებრივია, ამას არ ჰქონდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც, მთელი ამ დროის განმავლობაში, მოქმედებდა საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ძალების დაკვეთით. პრემიერის განცხადებით, სწორედ, ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და ახლა უკვე მათი არგამოქვეყნება.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე – ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე. იმავეს აკეთებდა ეს კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი“ აღარ გამოაქვეყნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. ყველაფერი დევს ხელის გულზე. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არ გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მეტიც, მე მგონია, რომ არამხოლოდ 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პირველ რიგში, იქ მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” არ სურს, საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლების გასაჯაროება, რადგან შედეგები იგივეა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში ჩატარებული ბოლო ორი არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები ხმების პარალელურ დათვლებს იყენებდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ.

“ყველაფერი ცხადი და ნათელია. არაფერი განსხვავებული არ არის. იგივე შედეგია, რაც გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ბოლო ორ არჩევნებში აღნიშნულ დათვლებს იყენებდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა USAID-ის მხრიდან. გვახსოვს, რა განცხადებები გაკეთდა და როგორი პროცესები განვითარდა მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც პარალელური დათვლები გააყალბეს და ამის ნიადაგზე, გამოყარეს თავიანთი კრიმინალი რადიკალები – გვახსოვს აქციები ცესკო-სთან, რუსთაველის გამზირზე და ა.შ. იგივე პროცესები იყო ამჯერადაც – დათვლები გააკეთეს, თუმცა შედეგები იგივეა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. შესაბამისად, მათ არ აქვთ სურვილი, შედეგები წარუდგინონ საზოგადოებას და უთხრან სიმართლე, რეალობა რაც იყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის განცხადებების გამო, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

პროკურატურამ 2025 წლის 15 იანვარს გაასაჯაროვა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე.

პროკურორ ბექა კვიციანის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე „არ დასტურდება პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტის, სახალხო დამცველისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ასევე მასმედიაში გავრცელებული ცნობები“.

„ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა“, – თქვა პროკურორმა. 2025 წლის 25 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“.

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, „პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს არჩევნების გაყალბების საქმეს“.

„სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები იყო ის, რასაც გვერდი ვერ აუარა ვერც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნების არალეგიტიმურად შეფასებისას. პროკურატურის მიერ ამ ე.წ. გამოძიების დაწყების მიზანი გაყალბების მთავარი მტკიცებულების მძევლად აყვანა და სიმართლის დაფარვა იყო. ამ პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ – ფაქტობრივად გაიტაცეს და გადამალეს სიები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 27 თებერვალს. როგორც მეზვრიშვილი წერს, მაგისტრატ მოსამართლესთან 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საუბრობდა არჩევნების სისტემური გაყალბების სქემაზე:

„რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ გაყალბებულა; დავტოვე შესაბამისი მტკიცებულებებიც მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თვეების განმავლობაში ყველაფერს ვაქვეყნებდით და პროკურატურას ისედაც უნდა ემოქმედა. იქ დამხვდა პროკურატურა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სისტემურ გაყალბებას კი არა, ცალკეული საარჩევნო დოკუმენტების სიყალბეს და ისიც ფორმალურად იძიებდა“, – თქვა მეზვრიშვილმა.

მისი განცხადებით, პროკურატურის არც ერთი კითხვა არ ეხებოდა ამომრჩევლის ნებაზე სახელმწიფოს სისტემურ ზემოქმედებას, საარჩევნო კომისიების „ქართული ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტებას, ფარულობის მასშტაბურ დარღვევას და ა.შ.

„ყველა კითხვა, რომელიც დაისვა, პირიქით, გამორიცხავდა ყველანაირ სისტემურ მიდგომას. ანუ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გამოძიება დაიწყო გამოძიების შეწყვეტისთვის“, – ამბობს მეზვრიშვილი.

არჩევნები 2024
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში პირველი სრულად პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები, სადაც ხმა ამომრჩევლის უმრავლესობამ ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ამავე არჩევნებმა დაუდო საფუძველი მძიმე პოლიტიკური კრიზისის მეორე ტალღას ქვეყანაში და განგრძობად პროტესტს, რომელიც ევროპასთან დაახლოებისა და სამართლიანი არჩევნების გამართვის მოთხოვნებს დაეყრდნო.

ამ არჩევნებს, ქვეყანაში მანამდე განვითარებულმა მოვლენებმა, „აგენტების კანონის“ დამტკიცებამ, ხელისუფლების ანტიდასავლურმა გზავნილებმა, ყველა მხარის ხედვით, გადამწყვეტი დატვირთვა მიანიჭა.

კენჭისყრის დღეს მედიამ და დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ბიულეტენების მეორე მხარეს გაჟონილი ლაქების შედეგად ჩანდა ამომრჩეველთა არჩევანი;
ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა;
საარჩევნო უბნებზე დაკვირვების პროცესის ხელის შეშლა და სხვა.
არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც.

თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“, 2024 წლის არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში წერს:

„არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“;
„მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, – ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“. არჩევნების შემდეგ
დეკემბრის ბოლოს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებისას სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამომრჩევლების ნდობას არჩევნების პროცესისადმი ძირი გამოუთხარა იმ პრობლემებმა, რომლებიც დასკვნაშიც აისახა.

ამ პრობლემების გამოსასწორებლად შიდა სამართლებრივმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო.

სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციოსაც მიმართეს, რომელმაც სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა შავი მელანი შეასხა.

ამ კადრებმა საერთაშორისო მედია მოიარა, თეთრ თაბახზე დახატული შავი წრე კი გაჟონილი ბიულეტენებისა და არჩევნების სიმბოლოდ იქცა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება.

ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და საზოგადოების ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მრავალი ადამიანი გამოდის ქუჩაში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციები 98-ე დღეა, გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button