უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრით რუსეთი სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებსაც მოუწოდებს საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ.
ოსტინის აზრით, ეს მომავალში ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეებსაც ქმნის, ვინაიდან პუტინის ომის ფონზე ავტოკრატიული რეჟიმებმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღი “ნადირობის ლიცენზიად” მიიჩნიონ. ამიტომ მან პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ოსტინმა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.
„რუსეთის შეჭრა გვახედებს ტირანიისა და ქაოსის შესაძლო სამყაროში, რომელში ცხოვრებაც არცერთ ჩვენგანს არ უნდა. ეს ასევე მიპატიჟებაა მომავლისკენ, მზარდად არასტაბილური მომავლისკენ, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცელების ჩრდილითაა მოცული.
რადგან ამას სხვა ავტოკრატები, პუტინის კოლეგებიც უყურებენ და ისინი მივლენ დასკვნამდე რომ ბირთვული იარაღის ფლობა მათთვის ნადირობის ლიცენზიად შეიძლება იქცეს და ამან შესაძლოა მოიტანოს ბირთვული გავრცელების საშიში სპირალი.
ომს მაინც აქვს წესები და თუ დიდ ძალას მათი დარღვევა შეუძლია, მაშინ ის სხვებსაც მოუწოდებს, დაარღვიონ საერთაშორისო კანონი და ნორმები“ – განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებები “მხოლოდ აგრესიული ომი არაა”. მისი თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე ხშირი თავდასხმა რუსეთის მიზანმიმართული სისასტიკეა.
„რუსეთი მხოლოდ აგრესიულ ომს არ აწარმოებს – ის მიზანმიმართულად ესვრის სამოქალაქო ობიექტებს, რაც სამხედრო თვალსაზრისით გაუმართლებელია. ეს მხოლოდ იზოლირებული მოვლენები არაა. ეს ზოგადი წესის გამონაკლისი არაა. ეს სისასტიკეა“ – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, რუსეთი არღვევს ომის კანონებს და “ეს არ არის მხოლოდ უმოქმედობა, ან წესებიდან გადახვევა, არამედ – მხეცობა”.
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
“უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დაგვეხმარება გლობალური უსაფრთხოების კურსი განვსაზღვროთ ამ ასწლეულში”, – განაცხადა ოსტინმა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი კავშირია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციისადმი არ მიისწრაფის, მაგრამ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
“რუსეთმა ომი, აგრესია აირჩია, მაგრამ უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა აირჩია. და უკრაინამ აირჩია თავი დაეცვა. მსოფლიო ერთად შეიკრა დასახმარებლად”, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას და გააგრძელებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის გაძლიერებას.
ლოიდ ოსტინმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერთვება ომში, რაც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის არჩევანია, მაგრამ უზრუნველყოფს უკრაინის დახმარების გაგრძელებას.
“ჩვენ ვეხმარებით მათ გახდნენ უფრო მოქნილები და გამძლეები”, – თქვა ლოიდ ოსტინმა.
15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად კონგრესს 37 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას სთხოვს.