მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში 31 000 უკრაინელი სამხედროა დაღუპული

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, 31 000 უკრაინელი სამხედროა დაღუპული, – წერს BBC უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ კრემლი, უკრაინის დანაკარგების შესახებ, გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

“ამ ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, არა 300 000 ან 150 000, ან რასაც პუტინი და მისი მატყუარა გარემოცვა ამბობს. მაგრამ ჩვენთვის თითოეული ეს დანაკარგი დიდი დანაკარგია”, – ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, გაცილებით დიდია რუსეთის დანაკარგი – 180 000 დაღუპული და ათობით ათასი დაშავებული ჯარისკაცი.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა რუსული არმიის 9 დრონი და 3 რაკეტა ჩამოაგდო.

“გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას 14 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და 7 რაკეტით შეუტიეს. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 9 დრონი და 3 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

რუსეთის ფედერაციამ რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე ბელგოროდის ოლქიდან გაუშვა, უპილოტო საფრენი აპარატები კი ქალაქ კურსკიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები ხარკივისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში ჩამოაგდო.

რუსეთის არმია სამხრეთ უკრაინაში ცდილობს სადაზვერვო დრონებით შეცვალოს დაკარგული მზვერავი თვითმფრინავი А-50, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაცვის ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა.

რუსეთის თვითმფრინავი-რადარი А-50 23 თებერვალს ჩამოაგდეს კრასნოდარის ოლქში. მანამდე 40 დღით ადრე რუსეთმა კიდევ ერთი ასეთი თვითმფრინავი დაკარგა. როგორც BBC იტყობინება, მთლიანობაში რუსეთს ათზე ნაკლები ასეთი თვითმფრინავი ჰყავს და მათ აღარ აწარმოებს.
ჰუმენიუკის თქმით, ამჟამად რუსეთის მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურობა ძალზე მაღალია, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ასზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ისინი ცდილობენ იმ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც უკვე ვეღარ გადასცემს А-50. და სწორედ ამიტომ ვხედავთ ტაქტიკური ავიაციის არასპეციფიკურ აქტიურობას, რომელიც უფრო შავი ზღვის აკვატორიაშია და შესაბამისი ოპერატიული მონაცემების შეგროვებაზე ახდენს ძალისხმევის კონცენტრირებას“, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button