ლავროვს G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა

კუნძულ ბალიზე დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად ლიდრები უკვე იკრიბებიან. სამიტზე, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, არ ჩავა რუსეთის პრეზიდენტი, მის ნაცვლად შეხვედრას სერგეი ლავროვი დაესწრება.
სამიტის მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში მიმართავს ზელენკი.
ბალიზე უკვე ჩავიდნენ თურქეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები. ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ის პირველად შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს. ბაიდენი მიზნად ისახავს, განიხილოს ტაივანთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებები, უკრაინის ომი და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, რიში სუნაკის ბაიდენთან შეხვედრა.
გავრცელებული ინფორმაცით, განიხილავენ შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირის უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიზანი ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში ჩინეთის გავლენის შესუსტებაა.
Bloomberg წერს, რომ ინდონეზიაში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს – Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას უარყოფს რუსეთი.
ლავროვი ბალიში G20-ის სამიტს უნდა დაესწროს.
რუსულმა სახელმწიფო მედიამ TASS-მა გაავრცელა ლავროვის კომენტარიც და აღნიშნა, რომ ის სასტუმროში იმყოფება.
“სასტუმროში ვარ, ხვალინდელი სამიტისთვის მასალებს ვკითხულობ”, – განაცხადა მან TASS-ის ცნობით.
ინფორმაციას მედია ინდონეზიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატი საკურორტო კუნძულზე მკურნალობდა. ყველა წყარომ იდენტიფიცირებაზე უარი თქვა.
ორმა ადამიანმა თქვა, რომ ლავროვი მკურნალობდა გულის პრობლემებზე. რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირებს დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში. რაც შეეხება პუტინს, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის სამიტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. მის ნაცვლად სამიტში მონაწილეობას სერგეი ლავროვი იღებს.